ახალგორელებს ქართული სატრანსპორტო ნომრების ჩაბარებასა და ოსურის აღებას სთავაზობენ

უახლოეს პერიოდში ცხინვალი ახალგორელებს შესთავაზებს ქართული სატრანსპორტო ნომრების ჩაბარებასა და ოსურის აღებას, რათა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად შეძლონ გადაადგილება.

ამჟამად ახალგორელებს ქართული სატრანსპორტო ნომრებით დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

ოსური მედიის ცნობითვე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, ახალგორელებს ოსური ნომრების ასაღებად სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი და სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეთ.

აღნიშნული საკითხი 10 თებერვალს დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა განიხილა. დადგენილების შესაბამისად, მოქალაქეებს პროცედურის გავლა 2021 წლის პირველ ივლისამდე შეუძლიათ. იქამდე კი, ახალგორელებს უფლებას აძლევენ, სურვილის შემთხვევაში, კუთვნილი ავტოტრანსპორტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანონ.