“ფაქტობრივად, ამბობს იმავეს, რასაც ვამბობთ ჩვენ” — ოპოზიცია ჰარცელის განცხადებაზე

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეთანხმებიან. მათი თქმით, კარლ ჰარცელის კომენტარიდან ნათლად ჩანს მისი მოლოდინი პოლიტიკური ვითარების მეტად დაძაბვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის თავმჯდომარეს დააკავებენ.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე — აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. აღნიშნულს წინ უძღოდა პარლამენტის მიერ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება.

“ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე განცხადება, რომელიც შეეხებოდა იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ.

პირველი, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს და კიდევ ერთი გავრილოვის პატიმრის კონფიგურაციას შეეცდება, მაშინ ეს უფრო გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას და საქართველოში დღეს არსებული ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის, ერთპარტიული პარლამენტით, არ განიმუხტება.

მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი: ბატონმა ჰარცელმა ხაზი გაუსვა უმძიმეს პრობლემას საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. კერძოდ, მან თქვა, რომ სასამართლოს ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

აღნიშნულს ეთანხმება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძეც. მისი აზრით, ევროკავშირის ელჩის შეფასებები ოპოზიციის მოსაზრებებს ემთხვევა.

“ევროკავშირის ელჩი, ფაქტობრივად, ამბობს იმავეს, რასაც ვამბობთ ჩვენ: ნიკა მელიას დაკავებით ამ ქვეყანაში დაიწყება დესტაბილიზაციის, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ახალი ტალღა და ქვეყანა დაშორდება სიმშვიდესა და კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც ყველას უნდა უნდოდეს.

რაც შექმნა პროკურატურამ, კეთილი ინებოს და გააჩეროს. და პროცესი დაუბრუნდეს იმ კალაპოტს… მძიმე და დაძაბულ კალაპოტს, მაგრამ იმ კალაპოტს, სადაც ვიყავით მაინც და სადაც რაღაც შანსი არსებობდა მოლაპარაკებისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა”, – აღნიშნა მან.

რა თქვა ჰარცელმა?

ჟურნალისტებთან ჰარცელს უშუალოდ სასამართლო საქმის დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა, როგორც აღნიშნა, შიშობს, რომ საქმეს “დიდი გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე”.

“ვიტყვი, რომ ბოლო დღეებში ტემპერატურა კვლავ იზრდება პოლიტიკაში. ვხედავ რისკს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტრაექტორია მიგვიყვანს მოვლენებამდე, რომლებიც იქნება არა დროებითი, არამედ უფრო ხანგრძლივი.

ვშიშობ, რომ ამ საქმეს უფრო დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ვითარებაზე. არსებული სიტუაციის მდგენელებიდან გამომდინარე, მსურს ყურადღება გავამახვილო ორ საკითხზე:

პირველი — უნდობლობა და უპატივცემულობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, მეორე — პოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელი. ერთად ეს ორი რამ ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის და ქართული დემოკრატიისთვის”, — აღნიშნა მან.

ჰარცელი ასევე შიშობს, რომ პროცესები გაართულებს ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას.

” მაგრამ ეს არის ჩემი შიში, ვერ ვიწინასწარმეტყველებ. იმედი ვიქონიოთ, ვცდები”, – უთხრა ჰარცელმა მედიას.

რა ხდებოდა მანამდე?

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს