ბიბილოვის მმართველობის კრიზისი არჩევნებამდე

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ჟურნალისტი


მეხუთე თვეა სამხრეთ ოსეთის პარლამენტი საქმიანობას ვერ იწყებს. ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, საკანონმდებლო კრებაში ქვორუმი ვერ დგება. ანატოლი ბიბილოვის მმართველობის კრიზისი სახეზეა.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალან ტადთაევის განკარგულებით, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს იქამდე შეუწყვიტეს ხელფასები, სანამ სესიაზე არ შეიკრიბებოდნენ და ორ აქტუალურ კანონს არ მიიღებდნენ: “2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” და “2021 წლის საპენსიო ფონდის შესახებ”.

ზემოთ ნახსენები კანონების მიღებამდე, ოფიციალური განკარგულებით, დეპუტატებს შეუწყვიტეს ასევე სატელეფონო კავშირისა და ავტომობილების რეცხვისთვის საჭირო თანხები.

საქმე ის არის, რომ სამართლებრივი რეგულაციებით, პარლამენტის სპიკერი არ წარმოადგენს დეპუტატთა დამსაქმებელს და არ გააჩნია განკარგულებების გაცემის უფლებამოსილება. კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატებისგან ვერავინ მოითხოვს სესიაზე შეკრებას ან “გაცდენების” გამო მათ დასჯას.

დეპუტატებისთვის ხელფასების შეწყვეტით პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მის დაქვემდებარებაში მყოფი უმრავლესობა [34-დან 20 დეპუტატი] ცდილობენ აიძულონ 14 ოპოზიციონერი, შეიკრიბონ, რათა შედგეს ქვორუმი და საკანონმდებლო კრებამ მუშაობა განაახლოს.

წინა წლის 7 სექტემბრიდან 14 დეპუტატი – ოპოზიციური პარტიები “ნიხასის”, “სახალხო პარტიისა და მათდამი სოლიდარული მაჟორიტარები- საპარლამენტო სესიებს ბოიკოტს უცხადებდა. მათ განაცხადეს, რომ არ შეუდგებიან მუშაობას იქამდე, სანამ პრეზიდენტი ბიბილოვი გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს არ დაითხოვს.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია 30 წლის მოქალაქის, ინალ ჯაბიევის სასტიკ მკვლელობაზე.

ინალ ჯაბიევი და მისი ორი მეგობარი – ალან კულუმბეგოვი და ნიკოლაი ცხოვრებოვი- მილიციის თანამშრომლებმა 2020 წლის 23 აგვისტოს გაიტაცეს და ხუთი დღის განმავლობაში წამების პირობებში აიძულებდნენ ეღიარებინათ შს მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმა.

სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში ნანიევზე თავდასხმის ბევრს არ სჯერა. გამოძიების ცნობით, დამნაშავემ მიმავალ ავტომანქანას მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან, დაახლოებით, 30 მეტრის მანძილიდან ესროლა. საჭესთან მინისტრი იჯდა, სამიდან ორ ტყვია კი მძღოლის გვერდითი სავარძლის მიმართულებით იყო გასროლილი, თუმცა სალონს ვერ მოხვდა სიმძლავრის სისუსტის გამო.

ავტომატებით, რეაქტიული ჭურვებითა და იმ ასეულობით ადამიანით გადავსებულ ქალაქში, რომელთაც მრავალწლიანი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, “ხლაპუშკიანი” ქილერის არსებობა ბევრმა არ დაიჯერა.

ის, რომ ეს “თავდასხმა” იყო პროვოკაცია ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, სამხრეთ ოსეთის საზოგადოებამ ბიბილოვის განცხადების შემდეგ ირწმუნა. პრეზიდენტმა თქვა, რომ თავდასხმის უკან “კრიმინალთან დაახლოებული ზოგიერთი პოლიტიკოსი” დგას”.

მნიშვნელოვანია ის, რომ ბიბილოვის განცხადება წინ უსწრებდა გამოძიების შედეგებს. პრეზიდენტი აშკარად მიუთითებდა ოპოზიციაზე, პირველ რიგში კი, პარტია “ნიხასის” ლიდერზე, ალან გაგლოევზე, რომელსაც ადგილობრივი ანალიტიკოსები ბიბილოვის მთავარ კონკურენტად მოიაზრებენ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

აღნიშნული ვერსიის მტკიცებულებაა პრეზიდენტს დაქვემდებარებული გენერალური პროკურატურის განაცხადი 15-20 წლის წინანდელი გაუხსნელი მძიმე დანაშაულების გამოძიების აღდგენაზე , ფორმულირებით “ახალი გარემოებები”, რომელშიც თითქოს ოპოზიციის ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების დანაშაულები იკვეთება.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პოლიტიკური ველის დასუფთავების პროექტს ხელი შეუშალა ინალ ჯაბიევის სიკვდილმა.

29 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ვეღარ დარჩება პოსტზე და გადადგა, მასთან ერთად ავტომატურად მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგა.

ბიბილოვმა კი უარი თქვა გადადგომაზე: “მე ხალხმა ამირჩია და რამდენიმე ადამიანის სურვილის გამო არ გადავდგები”, – განაცხადა მან მომიტინგეთა საპასუხოდ.

გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნას მხარი დაუჭირა პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობამ – 34-დან 27-მა დეპუტატმა.

ადგილობრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გენერალური პროკურორისადმი ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი უნდობლობის გამოცხადებას – მხოლოდ მინისტრებისადმი. შესაბამისად, ურუზმაგ ჯაგაევის დათხოვნა მხოლოდ პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვის შედეგადაა შესაძლებელი.

პრეზიდენტმა კატეგორიული უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე. პასუხად კი, პარტია “ნიხასის”, “სახალხო პარტიისა” და მათდამი სოლიდარულმა მაჟორიტარებმა, სულ 14-მა დეპუტატმა ბოიკოტი გამოაცხადა. ქვორუმის არარსებობის გამო კი 2021 წლის ბიუჯეტის მიღება 16 თებერვალმდე შეუძლებელი იყო. ქვორუმის არარსებობის მიუხედავად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მაინც დაამტკიცეს.  ვიცე-სპიკერის, პიოტრ გასიევის თქმით, იმის გამო, რომ პარლამენტში ქვორუმი არ შედგა, მათ გამოიყენეს რუსეთის ფედერაციის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობას აქვს უფლება [ქვორუმის შედგენის მიუხედავად], მიიღოს ბიუჯეტის პროექტი.

დაპირისპირებული მხარეების არგუმენტაცია შემდეგია, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის დათხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირადად ის არ მონაწილეობდა დაკითხვებში და არაფერი იცოდა წამების შესახებ.

დეპუტატები კი პრინციპულ საკითხად მიიჩნევენ გენერალური პროკურორის დათხოვნას, რადგან, მათი მტკიცებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალოვანების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება კიდევ უფრო გაძლიერდება.

ერთ-ერთი ოპოზიციონერი წყაროს ცნობით, იქამდე, სანამ ჯაბიევის მკვლელობაში ბრალდებული მილიციის წარმომადგენლები დააკავეს, მათ გენერალური პროკურორი შეხვდა და შეჰპირდა, რომ  ეტაპობრივად დაიხსნიდა ყველას ციხიდან. ამასთან, გენერალური პროკურორი დაპატიმრებულ მილიციონერებს კრედიტების გადახდას დაჰპირდა.

აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთიდან გამოგზავნილი ექსპერიტიზის პასუხი ჯაბიევის სიკვდილზე. რუსული მხარის ცნობით, “ჯაბიევი აბსტინენციით დაიღუპა, –  იმის გამო, რომ ნარკოტიკის მიღება შეწყვიტა, მილიციონერების მიერ მიყენებული დაზიანებები კი უმნიშვნელო იყო და  გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა”

იგივე მოხდა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებითაც. ძალოვნებმა ის სიკვდილამდე სცემეს, შემდეგ კი რუსული სასამართლო ექსპერტიზის შედეგები წარუდგინეს ოჯახს, სადაც მიზეზად გულის შეტევა იყო დასახელებული.

ამჟამად მხარეებს შორის კომპრომისი შეუძლებელია – რომელიმე მხარემ უნდა გაიმარჯვოს. ბიბილოვის მხარეს საპარლამენტო უმრავლესობა, ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლოებია.

14 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარეს კი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრია. პრეზიდენტზე ზეგავლენის ერთადერთი მექანიზმი ისაა, რომ მათ გარეშე ქვორუმი ვერ შედგეს და პარლამენტმა მუშაობა ვერ შეძლოს.

2020 წლის დეკემბრიდან მოკლული ინალ ჯაბიევის დედა და ცოლი უვადო აქციებს ატარებენ. ისინი 24 საათის განმავლობაში ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე დგანან, მათმა მხარდამჭერებმა კი აქციაზე მორიგეობაც დააწესეს. მათთან მიდიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  ახალგაზრდობა. მათ მხარს უჭერს სოციალურ ქსელებში ოსური დიასპორაც, უძღვნიან ლექსებსა და სიმღერებს. პიკეტი მთავარი მოვლენა გახდა სამხრეთ ოსეთში. ყველა თავს ვალდებულად თვლის, ერთხელ მაინც მივიდეს მათთან და ქალებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. მოქალაქეები ნამდვილად ღელავენ და ეშინიათ შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამო.

პრეზიდენტმა ძალოვანები უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, მფარველობს და მათ კანონდარღვევებს ხელს აფარებს. ახლა კი ირკვევა, რომ ძალოვანები, თავის მხრივ, მას ეხმარებიან, პოლიტიკურ ოპონენტებს გაუსწორდეს. ადამიანებს სწორედ ეს აშინებთ.

ბიბილოვმა უვადო აქცია ცხინვალის ცენტრში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესებს დაუკავშირა და თქვა, რომ ოპოზიცია ძალისმიერი მეთოდებით აკავებს ქალებს აქციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უკვე სახლებში წავიდოდნენ. გარდა ამისა, ის სამსახურებიდან ითხოვს ადამიანებს, რომლებიც პიკეტზე არიან შემჩნეული.

ბიუჯეტის ვერ მიღება ბიბილოვისთვის ნიშნავდა იმას, რომ ვერ აკონტროლებს რესპუბლიკას და არ შეუძლია დეპუტატების გაერთიანება საერთო საქმის გარშემო.

2022 წლის გახაფხულზე პრეზიდენტის არჩევნებია და კრემლი არ დაუჭერს მხარს პოლიტიკოსს, რომელიც ისე ვერ მართავს ტერიტორიას, როგორც მას სურს.

გარდა ამისა, შექმნილი სიტუაცია ჩრდილს აყენებს ძალაუფლებისმოყვარე ანატოლი ბიბილოვს, როგორც ლიდერს. ის ცდილობს პუტინის მმართველობის სტილის კოპირებას და როდესაც წინაააღმდეგობას აწყდება, ეს მას აღაშფოთებს.

ამავე დროს, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც აიძულებს მას, გენერალური პროკურორი დაითხოვოს. ასევე, არც სამართლებრივი მექანიზმი აქვს, დეპუტატები აიძულოს, სესიაზე დაესწრონ.

სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის პირობებში, პრეზიდენტის გუნდი ცდილობს მოიფიქროს გამოსავალი, თუნდაც უკანონო, თუმცა ისეთი, რომ ხალხის თვალში სამართლიან აქტად წარმოაჩინოს.

რამდენიმე დღის წინ ბიბილოვმა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელს აუკრძალა პენსიოერებისთვის პენსიის გაცემა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პროკურატურის შემოწმებით დაემუქრა.

პრესას კი ბიბილოვმა განუცხადა, რომ სანამ დეპუტატები საპენსიო ფონდის ბიუჯეტს არ მიიღებენ, ხელისუფლებას მათი გაცემის უფლება არ აქვს. პარალელურად, სახელისუფლებო პრესაში შემუშავდა პიარ კამპანია ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის.

“რა სინდისით უნდა მიიღოს დეპუტატმა ხელფასი, როდესაც მის გამო სხვა ადამიანები ვერ იღებენ მას”, – განაცხადა ვიცე სპიკერმა პეტრე გასიევმა ბრიფინგზე.

ოპოზიციონერი დეპუტატების გაკიცხვა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელსაც დაავალეს:

“წლის დასაწყისში 5037 პენსიის მიმღები გვყავდა, რომელთა შორის არაერთი შშმ პირი და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირია. ყოველდღე ჩვენთან აღშფოთებული ადამიანები მოდიან და ჩივიან, რომ წამალსაც ვეღარ ყიდულობენ”

12 თებერვალს კი ბიბილოვმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღშფოთებული მოქალაქეების საპროტესტო აქციაც დაგეგმა. ხალხი ცხინვალში ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

ბიბილოვის განცხადებით, რამდენიმე დეპუტატის ბოიკოტის გამო პარლამენტი იძულებული იქნება ბიუჯეტი მათ გარეშეც მიიღოს და “ამაში არაფერია საშინელი, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი”.

საქმე ის არის, რომ საბიუჯეტო კოდექსი ისედაც საშუალებას იძლევა ,პენსია გაიცეს ბიუჯეტის მიღების გარეშეც. მეტიც, იანვრის პენსიები უკვე გაცემულია.

პრეზიდენტი ჩქარობს – თებერვლის ბოლოს მოსკოვში კურატორებთან შეხვედრაა დეგეგმილი. ბიბილოვი იქ დამნაშავე სახით, ბიუჯეტისა და წლიური გეგმის გარეშე ვერ ჩავა. ვერც პროტესტის მონაწილეებს დაუთმობს, რადგან ეს მისთვის წარმოუდგენელი დამცირებაა.

იმას, რაც დღეს სამხრეთ ოსეთში ხდება, მმართველობის კრიზისი შეიძლება ვუწოდოთ.