ახალი ამბები

კომენდანტის საათის გადაწევა, მაღაზიების შაბათ-კვირას მუშაობა – 10 ასოციაციის მიმართვა პრემიერს

17 თებერვალი, 2021 • 1571
კომენდანტის საათის გადაწევა, მაღაზიების შაბათ-კვირას მუშაობა – 10 ასოციაციის მიმართვა პრემიერს

სავაჭრო ობიექტებისთვის შაბათ-კკვირას მუშაობის უფლების მიცემა, რესტორნების სრულად ამუშავება, კომენდანტის 2 საათით გადაწევა და 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა – ეს ის მოთხოვნებია, რითაც ათი ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

დღეს, 17 თებერვალს,  სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და საკუთარ მოთხოვნებზე ღიად ისაუბრეს. ბრიფინგზე “თბილისი ცენტრალის” დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, რომ საცალო ვაჭრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შაბათ-კვირას მუშაობა, რადგან გაყიდვების 40% სწორედ ამ პერიოდზე მოდის. ამას გარდა, სავაჭრო ობიექტები ქონების გადასახადზე შეღავათსაც ითხოვენ.

ბრიფინგზე “საქართველოს სასტუმროების ფედერაციის” ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა მთის კურორტების გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ მთავრობა 22 თებერვლიდან მაინც მისცემს სექტორს მუშაობის საშუალებას, “ეს ის პერიოდია, როცა კიდევ შეიძლება მთის კურორტებზე არსებული ობიექტების გადარჩენა.”

ასოციაციების მიმართვაში ბიზნესომბუდსმენის არჩევის საკითხიც მოხვდა, რომელსაც თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. ბიზნესი მოითხოვს, რომ ბიზნესომბუდსმენის არჩევა მათი ჩართულობით მოხდეს.

“ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა. დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამიანი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია:

„კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნესსექტორს.

შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნესსექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.

კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგლითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.

22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგელნლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.

მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს ბიზნესსექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნესსექტორიდან.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნესკონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.

მოგმართავთ თხოვნით, რომ ოპერატიულად შევხვდეთ პრემიერ-მინისტრის უშალო მონაწილეობით ეპიდემიოლოგებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ექსპერტებს სამუშაო ფორმატში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რათა ერთად ვიპოვიოთ შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის ეკონონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები”,-წერია მიმართვაში.

მიმართვას ხელს შემდეგი ასოციაციები აწერენ: საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; საქართველოს რითეილერთა ასოციაცია; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია; საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია; საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია; მთის კურორტების ბიზნესასოციაცია და საქართველოს სასტუმროების ფედერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი