ახალი ამბები

14 წლის გოგოს ბაბუას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წაუყენეს ბრალი

16 თებერვალი, 2021 • 1357
14 წლის გოგოს ბაბუას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წაუყენეს ბრალი

ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარუდგინა ბრალი.

საქართველოს პროკურატურის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს ბაბუამ შვილიშვილზე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. უწყება ამბობს, რომ კაცი მომხდარს აღიარებს.

„საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ს.ც-ს ბრალდება წარუდგინა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბაბუა 15 თებერვალს დააკავეს.

ს.ც-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.


რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.


სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

[red_box]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი