ახალი ამბები

ტრაგედიამ გამოააშკარავა ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები – გაერო 14 წლის გოგოზე

16 თებერვალი, 2021 • 762
ტრაგედიამ გამოააშკარავა ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები – გაერო 14 წლის გოგოზე

ქობულეთში 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმეზე საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

უწყება ოფიციალურ პრესრელიზში წერს, რომ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას.

„ამ ტრაგედიამ გამოააშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.

ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში. აუცილებელია მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაერო წერს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, ასევე, ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი.

„აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს.“

14 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ აქტივისტებმა 100-დღიანი საპროტესტო კამპანია წამოიწყეს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარება და სისტემური ცვლილებებია.

მოთხოვნები ასე ჟღერს:

  1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;
  2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;
  4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.


სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

[red_box]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი