თეოლოგები სინოდის განჩინების პასუხად განცხადებას ავრცელებენ

ექვსი თეოლოგი სინოდის განჩინების კანონიკურ შეფასებას ავრცელებს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინების მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ სულთან, ასევე, მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები დიდი წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი იერარქები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ არჩევენ დაპირისპირებებისა და მტრის ხატის შექმნას”, – ნათქვამია თეოლოგების განცხადებაში.

თეოლოგები ამბობენ, რომ თავს მოვალედ თვლიან გაუზიარონ განჩინების შემდეგი სახის საღვთისმეტყველო-კანონიკური შეფასება როგორც სამღვდელოებას და ეკლესიის მრევლს, ასევე მთელ საზოგადოებას: 

“გულისტკივილით აღვნიშნავთ რა სინოდის განჩინებაში არსებულ გადაცდომებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებებიდან, გამოვთქვამთ იმედს, რომ წმინდა სინოდი გაითვალისწინებს ჩვენს შვილობრივი მორჩილებითა და სიყვარულით გამოხატულ შენიშვნებს. აგრეთვე, გამოვხატავთ ღრმა რწმენას, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლი კონკრეტულ სასულიერო პირთა სიყვარულზე მაღლა დააყენებს ქრისტეს და მისი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ თეოლოგები: დოქტორი ზურა ჯაში, დოქტორი თამარ გოგუაძე, დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი გურამ ლურსმანაშვილი, ლიცენციატი მიხეილ ნებიერიძე და ლიცენციატი შოთა კინწურაშვილი.

საპატრიარქო სინოდის განჩინებას აქვეყნებს