ახალი ამბები

ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

14 თებერვალი, 2021 • 702
ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ბახმაროში ჰესის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. როგორც “მთავარ არხს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელენე ხოშტარიამ უთხრა ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას და ამ აქციით სოლიდარობა გამოუხადეს მათ. მისივე თქმით, მსგავსი სოლიდარობის აქციები დაგეგმილია თბილისსა და თელავშიც. პარლამენტთან ასევე მიიტანეს ჰესის საწინააღმდეგო პეტიციაც და მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ ხელმოწერა.

“ის რაც ბახმაროში ხდება ეს არის კლასიკური მაგალითი მაფიოზური მართვის, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს. უნიკალური კურორტი გაქვს ბახმარო, რომლის ეკონომიკური სარგებელი სწორედ ის ბუნებაა, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ის იზიდავს ტურისტებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და თან ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. არავის არაფერი ჰკითხეს, გადაწყვიტეს ჰესის ჩადგმა, რომელიც ყველა სპეციალისტის დასკვნით დააზიანებს გარემოს და მოგვიჭრის ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც. გარდა იმისა, რომ მოგვიკლავს საყვარელ ადგილს. ეს არის თავხედობა ხელისუფლების მხრიდან,”-აცხადებს ხოშტარია.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ნამახვანი ჰესის მსგავსად, აქციები ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგაც გაგრძელდება.

ჰესის წინააღმდეგ პეტიცია გარესმოსდაცვითმა ორგანზაცია ”ეკომაც” შექმნა. ავტორები ხელისუფლებისგან მოითხოვენ შეწყდეს დაგეგმილი ჰესის მშენებლობა და აცხადებენ რომ სამშენებლო ტერტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. ამას გარდა, მათი განცხადებით ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას.

მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობა იგეგმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰესის პროექტი სკოპინგის ანგარიშის განხილვის ეტაპზეა.

“წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 12 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას და ექსპლუატაციას. ჰესისათვის საჭირო დაბალზღურბლიანი დამბის (2 დამბა) განთავსება დაგეგმილია მდ. ბახვისწყალზე და მდ. ბაისურასწყალზე კურორტ ბახმაროდან დაახლოებით 2-2.5 კმ-ის დაცილებით,”-აცხადებენ სამინისტროში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გასული წლის მაისში დააანონსა. მისი თქმით, მცირე ჰესი საქართველოში ამერიკული კომპანიის სერბერუს მენეჯმენტ კაპიტალის შვილობილი კომპანიის “სერბერუს ფრონტიეს” დაფინანსნებით შენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი