ნეტგაზეთი | მოსწავლეთა 12%-ს სურს სწავლის ონლაინ გაგრძელება – დგებუაძე მოსწავლეთა 12%-ს სურს სწავლის ონლაინ გაგრძელება – დგებუაძე – Netgazeti
Batumelebi | RU

მოსწავლეთა 12%-ს სურს სწავლის ონლაინ გაგრძელება – დგებუაძე

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით,  იმ ქალაქებში, სადაც მშობლებს არჩევანის საშუალება აქვთ დისტანციურ და საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებას შორის, მოსწავლეთა 12%-მა სწავლის ონლაინ გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის დიდ ქალაქებში კლასებში სწავლა 15 თებერვლიდან უნდა განახლდეს.

“ამ შემთხვევაში არამარტო რეგისტრაციას გადიან მშობლები, რომ მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე დარჩეს, მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, უარი თქვან [დისტანციურ სწავლებაზე], დაბრუნდნენ  მათი შვილები და საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. როგორც აღვნიშნე, 13 ქალაქში მიმდინარეობს [რეგისტრაციის პროცესი]. მთლიანად დაახლოებით 297 767 მოსწავლე გვყვავს ამ ცამეტივე ქალაქში. ამ ქალაქებიდან, ჯამში, 12%-ია, რომელთაც დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის სურვილი გამოთქვეს”,-აცხადებს დგებუაძე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ამისთვის მათ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. სამინისტროს ცნობითვე, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 – 23:59 საათის შუალედში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.