დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ დაამტკიცებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის არქიტექტურის, მშენებლობისა და კომუნალური მომსახურებების სამინისტროზე დაყრდნობით, სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ცხინვალში 2021 წლის ბიუჯეტის მიღება საპარლამენტო ბოიკოტის გამო ვერ ხერხდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს პარლამენტის სხდომებზე დასწრებაზე, რის გამოც ქვორუმი ვერ დგება, შესაბამისად, კანონპროექტის განხილვა ვერ იწყება.
გუშინ, 11 თებერვალს კიდევ ერთხელ ვერ შედგა საპარლამენტო სხდომა, სადაც ბიუჯეტზე უნდა ემსჯელათ.
“ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ დავიწყოთ ინვესტირების პროგრამა, ვერ შევძლებთ ფული გადავუხადოთ კონტრაქტორებს. ზოგიერთი მათგანი [მშენებელი კომპანიები] შეძლებენ იმუშაონ საკუთარი სახსრებით და ეს გასტანს ერთი თვე, მაქსიუმ ორი, თუმცა შემდეგ ისინი იძულებულნი იქნებიან მუშაობა შეწყვიტონ”, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა ედუარდ ძაგოევმა.
დე ფაქტო მშენებლობის სამინისტროს მიხედვით, 2020-2022 წლების ფინანსური ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს დაახლოებით 20 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, საქალაქო ქუჩების მოწყობა, მათ შორის მიწისქვეშა საინჟინრო ქსელის გამოცვლა, ორი ხიდის რეკონსტრუქცია და აგება, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და სასწავლო დაწესებულებების კეთილმოწყობა და სხვა.
ძაგოევის განცხადებით, ბიუჯეტის მიღების გარეშე შეუძლებელი იქნება ფინანსური ინვესტირების პროგრამის დაწყება, ნაწილობრივადაც კი.
რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარების წილი
2020 წლის დეკემბერში დე ფაქტო მთავრობამ მიიღო 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი ვერსია, რომელიც მოგვიანებით უნდა დაემტკიცებინა დე ფაქტო პარლამენტს. პროექტის მიხედვით, 2021 წლის საბიუჯეტო თანხების მოცულობა 7.7 მილიარდ რუსულ რუბლზე მეტი იყო, მათ შორის 6.3 მილიარდ რუბლზე მეტს შეადგენდა რუსუთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერა.
რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე დახმარება ნაწილდება ორ პროგრამაზე, მათ შორის, დაახლოებით 5 მილიარდი რუსული რუბლი სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამაზე, ხოლო თითქმის 1.35 მილიარდი რუბლი- ე.წ. ინვესტირების პროგრამაზე, რომლის მთავარი დანიშნულებაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტი სამუშაოდ 2020 წლის აგვისტოს შემდეგ არ შეკრებილა. მიზეზი, დეპუტატების განცხადებით, იყო ადგილობრივი გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება, რომელსაც ანატოლი ბიბილოვი მფარველობდა.
თავის მხრივ, ცხინვალში საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი ძაგაევის გადაყენებას მოითხოვს ინალ ჯაბიევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების მფარველობასა და საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო.
ცხინვალში საპარლამენტო სესიების ჩაუტარებლობის გამო ვერ იღებენ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, ასევე, ვერ ამტკიცებენ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ორჯერ მიმართა წერილით პარლამენტს, რათა ჩატარებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, თუმცა ორივეჯერ ვერ მოხერხდა, რადგან დეპუტატები პარლამენტში მუშაობის შესახებ უარს აცხადებენ.
