საქართველოში კლიმატის ცვლილებებს საფრთხედ 91.35% მიიჩნევს – კვლევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კლიმატის ცვლილებას რეალურ პროცესად და უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევენ, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმს და შეიარაღებულ კონფლიქტებს.

კვლევის თანახმად:

გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილების ცნობადობას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი აქვს სქესთან, ასაკსა და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის თვითშეფასებასთან. სხვა ჯგუფებთან შედარებით, ცნობადობის დაბალი ხარისხით ხასიათდება 65 წლის ან მეტი ასაკის ჯგუფი. 18-24 და 45-54 წლის ასაკობრივი ჯგუფები, ამ მხრივ, 100%-იანი მაჩვენებლებით არიან წარმოდგენილნი.

კვლევის თანახმად, მოსახლეობაში კლიმატის ცვლილება აღიქმება არა სოციალურ მითად, რომელსაც მხარს უჭერენ გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფები, არამედ რეალურ პროცესად, რომელიც საფრთხეს უქმნის დედამიწაზე ცხოვრებას არა მხოლოდ სამომავლოდ, არამედ კაცობრიობა უკვე დგას საფრთხის წინაშე.

კვლევა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს კლიმატის ცვლილების შესახებ. კვლევის შედეგები ეყრდნობა 1 100 პირისპირ ინტერვიუს, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისა, 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია.

კვლევა ჩატარდა კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში.