14 წლის გოგოს ამბავი უმწვავეს სისტემურ პრობლემებს უჩვენებს – სოცმუშაკთა გაერთიანება

დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ აცხადებს, რომ ქობულეთში 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობის ამბავი სახელმწიფოს ბავშვთა დაცვის სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს აჩვენებს.

ქობულეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია.

გარდაცვლილის ბაბუა 10 თებერვალს ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა.

სოფლის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგოსთან სოცმუშაკი მუშაობდა და ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს ჰქონდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან კი „ბათუმელებს“ მოსწერეს, რომ ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა.

„სოციალურ მუშაკთა გაერთანების“ შეფასებით, ეს ამბავი „კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ბავშვთა დაცვის სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს“.

მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ არასრულწლოვანთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მუშაობდა, ვერც ერთმა მათგანმა შეძლო სათანადოდ ბავშვის დაცვა შესაძლო რისკებისგან: „არასრულწლოვანმა ვერ მიიღო ადეკვატური და სათანადო მხარდაჭერის სერვისები, რამაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა იგი“.

„ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში არ ხდება „სოციალური მუშობის შესახებ“ კანონის დროულად და ეფექტიანად აღსრულება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სოციალური დაცვს სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლის, სოციალური მუშაკის ინსტიტუტს და დაიცავდა არასრულწლოვნებს ძალადობისა თუ სხვა რისკებისგან. კერძოდ,

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უწყებების მხრიდან არ ხდება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განსახორციელებლად კოორდინირებული მუშაობა.

არსებულ ეკონომიკურ და პატრიარქალურ სისტემაში განსაკუთრებით საყურადღებოა ქალთა და გოგონათა დაცვა ძალადობისგან და მათი მხარდაჭერა. გენდერული ნიშნით სპეციფიკას უნდა ითვალისწინებდეს არასრულწლოვანთან მომუშავე ყველა რგოლი“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნახეთ ასევე:

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე