ახალი ამბები

ვატო სურგულაძე, გიორგი ჩალაძე და სერგო ჩიხლაძე გახარიას ღია წერილით მიმართავენ

11 თებერვალი, 2021 • 813
ვატო სურგულაძე, გიორგი ჩალაძე და სერგო ჩიხლაძე გახარიას ღია წერილით მიმართავენ

“ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, ვაქცინის მისაღებად აქტიურად იმუშაოს როგორც მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან, ასევე, თავად მწარმოებლებთან.

წერილზე ხელმომწერი პარტიები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ისეთ კომპანიებთანაც, რომელთა Covid-19 ვაქცინა დასკვნით, მესამე ფაზას გადის.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვხედავთ რა საქართველოს მთავრობის არაკოორდინირებულ და პასიურ პოზიციას, მოვითხოვთ, რომ იმოქმედოთ პროაქტიულად, დაამყაროთ პირდაპირი კონტაქტები და აწარმოოთ მოლაპარაკებები მეგობარი ქვეყნების მთავრობებეთან და პირდაპირ მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინების საჭირო რაოდენობის და საჭირო ვადებში ქვეყანაში შემოტანა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ სხვადახვა ქვეყნის მთავრობები უკვე აცხადებენ მზაობას ზედმეტობით ნაყიდი დოზების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემაზე ან გაყიდვაზე. ასევე, მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და წინასწარ კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც პერსპექტიული ვაქცინების გამოცდის მესამე ფაზაში არიან”,-წერია ღია წერილში.

სამი ოპოზიციური პარტია მთავრობას დახმარებასაც სთავაზობს ვაქცინის მიღების პროცესში:”საერთო მიზნის მისაღწევად, ჩვენ, ხელმომწერები მზად ვართ დაგეხმაროთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება  და ჩავერთოთ ამ პროცესში, რათა დროულად და ეფექტურად წარიმართოს  საქართველოში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის პროცესი”.

წერილში ასევე გაკრიტიკებულია მთავრობის ვაქცინაციის გეგმაც. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინაციის დაანონსებული გრაფიკით მოსახლეობის 60%-ის აცრა [მთავრობის გეგმა] 2021 წელს ვერ მოხდება:

“ვაქცინის შემოტანის გრაფიკი და ოდენობა, რაც თქვენმა მთავრობამ დააანონსა, ვერ უზრუნველყოფს პროცესის ეფექტურობას. მსგავსი ტემპებით თქვენ მიერვე განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა არათუ წლის ბოლოს, კიდევ რამდენიმე წელი ვერ მოხერხდება. ამავე დროს, ვხედავთ, რომ განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოზე ნაკლებ განვითარებული ქვეყნებიც კი, კოვაქს პლატფორმის გვერდის ავლით ახერხებენ ვაქცინის მილიონობით დოზის მოპოვებას და შესყიდვას”.

წერილზე ხელს აწერენ “ლელოდან”- ვატო სურგულაძე, ენმ-დან -გიორგი ჩალაძე და “სტრატეგია აღმაშენებელიდან”- სერგო ჩიხლაძე. ვატო სურგულაძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მიესალმებიან, თუ მათ წერილს და ინიციატივას სხვა პარტიებიც შეუერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი