ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტი სამუშაოდ 2020 წლის აგვისტოს შემდეგ არ შეკრებილა. მიზეზი, დეპუტატების განცხადებით, იყო ადგილობრივი გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება, რომელსაც ანატოლი ბიბილოვი მფარველობდა.
თავის მხრივ, ცხინვალში საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი ძაგაევის გადაყენებას ინალ ჯაბიევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების მფარველობასა და საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო მოითხოვს.
ცხინვალში საპარლამენტო სესიების ჩაუტარებლობის გამო ვერ იღებენ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, ასევე, ვერ ამტკიცებენ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ორჯერ მიმართა წერილით პარლამენტს, რათა ჩატარებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, თუმცა ორივეჯერ ვერ მოხერხდა, რადგან დეპუტატები პარლამენტში მუშაობის შესახებ უარს აცხადებენ.
პიოტრ გასიევის განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პარლამენტის თავჯდომარის ბრძანებულების მიხედვით, ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ მიიღებს ხელფასს. “პერსონალურად მე არ მესმის, რატომ ვისჯებით 14 დეპუტატის გამო 20 დეპუტატი, რომლებიც ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს”, – განაცხადა გასიევმა.