ახალი ამბები

გარდაიცვალა ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე

10 თებერვალი, 2021 • 1949
გარდაიცვალა ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე

ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა 10 თებერვლს.

უნივერსიტეტის სიტყვებით, თამაზ გამყრელიძე აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევარი იყო.

გამყრელიძე, — პროფესორი 1964 წლიდან და აკადემიკოსი 1974 წლიდან, — 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი იყო. წლების განმავლობაში მას არაერთი ეროვნული თუ უცხოური ჯილდო აქვს მიღებული.

როგორც მეცნიერებათა აკადემია წერს, აკადემიკოსი გამყრელიძე 1985 წლიდან იყო სსრკ უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს დელეგაციის წევრი ქ.მოსკოვში 1989 წელს გამართული სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, სადაც „თავის გამოსვლაში თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების თაობაზე მთელი მსოფლიოს გასაგონად ბრალი დასდო საბჭოთა კავშირის იმდროინდელ უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას“.

თამაზ გამყრელიძე ასევე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი