ადვოკატთა ასოციაციის თანვმჯდომარე დავით ასათიანი ადვოკატ შოთა თუთბერიძის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრს განცხადებით მიმართავს.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ადვოკატი განმარტავს, რომ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელშეშლას, მისი უფლებების უხეშ დარღვევას, ასევე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას.
ადვოკატთა ასოციაციის თქმით, თუთბერიძის განცხადება ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტმა შეისწავლა და მიიჩნია, რომ მისი არგუმენტები საფუძვლიანია, უფლებები კი ნამდვილად შეეზღუდა.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით – “ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია”. ამასთან, აღნიშნავენ, რომ “დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა” წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 364-მუხლით.
ასოციაცია მოუწოდებს შს მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე.
ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატ შოთა თუთბერიძის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა….
Posted by საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association on Tuesday, 9 February 2021
იურისტი შოთა თუთბერიძე პოლიციას ადანაშაულებს მის, როგორც ადვოკატის, საქმიანობაში ხელის შეშლასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. იურისტის თქმით, პოლიციამ ის მაშინ დააკავა, როცა ცდილობდა გაერკვია, სად მიჰყავდა პოლიციას მისი დაცვის ქვეშ მყოფი და იყო თუ არა ის დაკავებული.
