ვირუსის ახალი ვარიანტის გამო სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრების პროცესი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც კვლევით გამოვლინდა, რომ ის ნაკლებად ეფექტურია ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანაშია გავრცელებული.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება დროებითია, სანამ მეცნიერები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის უფრო ეფექტიანად გამოყენება. მანამდე კი ვაქცინაციას Pfizer-ისა და Johnson&Johnson-ის ვაქცინით გააგრძელებენ.

როგორც СNN წერს, წინასწარი მონაცემებით, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინამ ორი დოზით აცრილებში Covid-19-ის ახალი შტამის მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისგან მინიმალური დაცვის უზრუნველყოფა შეძლო. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა 2 000-მა მოხალისემ მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 31 წელია. კვლევაში ჩართულთა ნახევარმა ვაქცინა, ნახევარმა კი პლასებო მიიღო. კვლევა სრულად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

გამოცემა წერს, რომ კვლევის წინასწარი მონაცემებით, ვაქცინის უნარი, მოახდინოს ვირუსის ახალი ვარიანტის ნეიტრალიზება, ძველ შტამებთან შედარებით საგრძნობლადაა შემცირებული. კვლევის ფარგლებში არ შეუსწავლიათ მისი ეფექტიანობა Covid-19-ის მძიმე შემთხვევების განვითარების წინააღმდეგ. ასევე არ არის შეფასებული ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები.

აღნიშნულს გამოეხმაურა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაც. ასტრაზენეკას ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა განისაზღვროს ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის ახალი, B.1.351 შტამით გამოწვეული მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სჯერათ, მათი ვაქცინა დაავადების მძიმედ განვითარებისგან იცავს აცრილებს განსაკუთრებით მაშინ, როცა ინტერვალი პირველ და მეორე ინექციებს შორის 8-დან 12 კვირამდეა.

როგორც СNN წერს, AstraZeneca-ს წინა განცხადებაში კომპანია ამბობდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს ვაქცინის ადაპტაციაზე აღნიშნული ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს და ტრანსპორტირება დაიწყოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის თქმით, რომელიც Covid-19-ის მიმართულებას კურირებს, WHO-ის დამოუკიდებელი პლატფორმა, რომელიც ვაქცინების მიმართულებით მუშაობს, განიხილავს AstraZeneca-ს ვაქცინის საკითხს, ასევე იმას, თუ რას ნიშნავს ახალი კვლევა მისი მომავლისთვის.

მისი თქმით, წინასწარი შედეგები მართლაც აჩვენებს ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას ახალი ვარიანტის მიმართ, თუმცა კვლევის სრული ვერსია ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ერთზე მეტი ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის არსებობა, ვინაიდან მხოლოდ ერთი პროდუქტის იმედად ყოფნა არ შეიძლება.

სამხრეთაფრიკული ვარიანტი

კორონავირუსის მუტირებული, ე.წ. სამხრეთაფრიკული ვარიანტი, შეიცავს ისეთ მუტაციას, რომელიც ვირუსს უფრო”გადამდებს” ხდის. გარდა ამისა, სამხრეთაფრიკული შტამი შეიცავს E484K და K417N-ის ტიპის მუტაციებს, რის გამოც, შესაძლოა, მას უკეთესი უნარი შესწევდეს, გაანეიტრალოს ორგანიზმის “ანტისხეულებზე საპასუხო რეაქცია”.

ამ აზრს ამყარებს ამერიკული Novavax Covid-ის ვაქცინის გამოცდა. The Guardian-ის ცნობით, თავდაპირველი კორონავირუსის, ე.წ. “ვუჰანის ვარიანტის” წინააღმდეგ ვაქცინა 95.6 პროცენტით ეფექტური იყო, ხოლო ბრიტანული ვარიანტის შემთხვევაში- 85.6 პროცენტით. სამხრეთაფრიკულის დროს ეს რიცხვი 60%-ია.

ექსპერტების განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს დასტური იმისა, რომ აფრიკული ვარიანტი უფრო მძიმე და/ან განსხვავებული ფორმებით მიმდინარეობს, ვივდრე აქამდე არსებული ანალოგები.

ამ დროისთვის სამხრეთაფრიკული შტამი მსოფლიოს 30 ქვეყანაზე მეტშია აღმოჩენილი, მათ შორის: გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, კენიაში, იაპონიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბელგიაში. ამ უკანასკნელში უკვე დაფიქსირდა ადგილობრივი გავრცელების შემთხვევებიც.

მსოფლიოს სახელმწიფოები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, სპეციალურ ზომებს იღებს სამხრეთაფრიკული შტამის ქვეყნებში გავრცელების საწინააღმდეგოდ, მათ შორის იგულუსხმება სამხრეთ აფრიკასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა და ქვეყნიდან დაბრუნებული პირების სავალდებულო საკარანტინო სივრცეებში მოთავსება.

The Guardian-ის ინფორმაციით, ვირუსის აფრიკული შტამი შესაძლოა ვრცელდებოდეს ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ვერ ხორციელდება ვირუსის გენეტიკაზე დაკვირვება, შესაბამისი ტექნიკური პირობების არარსებობის გამო.

ახალმა კორონავირუსის ინფექციამ, რომელიც პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელდა, სხვადასხვა ქვეყანაში მუტაცია განიცადა და განსხვავებული თვისებები შეიძინა.

რიგ შემთხვევებში ახალი მუტაციები უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, ახასიათებდეს სიკვდილიანობის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

ამჟამად მსოფლიოში, გარდა ჩინური ვარიაციისა, ცირკულირებს სამი შედარებით ცნობილი და გავრცელებული სხვადასხვა მუტაცია, მათ შორის- ე.წ. ბრიტანული, რომელიც სამედიცინო ენაზე B.1.1.7, 20I/501Y.V1-ის სახელითაა ცნობილი, ბრაზილიური, იგივე B.1.1.248 ან P.1 და სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელსაც B.1.351-ის სახელით მოიხსენიებენ.

ამავე თემაზე

რა ვიცით კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესახებ