ახალი ამბები

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდა

2 თებერვალი, 2021 • 1378
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდა

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს, 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, შემდეგი პროცესი კი 11 თებერვალს ჩაინიშნა.

2020 წლის პირველ დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სასამართლოში დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მათი საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადადო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება უნდა უზრუნველყონ.

გვარამია მიიჩნევს, რომ სასამართლოში მისი საქმის განხილვა არის მისი დაშინებისა და მასზე ზეწოლის მცდელობა.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამის საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება.

ამ საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და დაკავშირებული კომპანიის, „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს.

ეს ბრალდება გვარამიას ოფიციალურად წარედგინა 2019 წლის ნოემბერში, თუმცა მანამდე ედავებოდნენ „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი