“გირჩი”, რომლის ლიდერებიც ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია არიან, აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ხვალ, 2 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ განცხადებებს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში “გირჩი” “ქართულ ოცნებას” სთხოვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირონ.
“ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს “ქართული ოცნებიდან”, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ
თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ ქართული ოცნების მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და გირჩის მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს”, — აცხადბს “გირჩი”.