ახალი ამბები

გვინდოდა რომ დაგვესაჯა “ქართული ოცნება” და ეს მემორანდუმი დასჯაა – ელისაშვილი

30 იანვარი, 2021 • 1812
გვინდოდა რომ დაგვესაჯა “ქართული ოცნება” და ეს მემორანდუმი დასჯაა – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებასა” და მის პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი მმართველი პარტიის “დასჯა და ქვეყნის წინსვლაა”. ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

“ჩვენ ველოდებოდით, ველაპარაკებოდით, მოლაპარაკებას ვცდილობდით დანარჩენ საარჩევნო ოპოზიციასთან. გვინდოდა, რომ დაგვესაჯა “ქართული ოცნება” ცუდად ჩატარებული არჩევნებისთვის და ხალხის დაპატიმრების გამო. ეს მემორანდუმი არის დასჯა, ოღონდ ისეთია, თან დასჯაა და თან ქვეყნის წინსვლაა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა წერია მემორანდუმში ისეთი, რისთვისაც “მოქალაქეების” მხრიდან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღება ღირდა, ელისაშვილმა უპასუხა, რომ დოკუმენტში რამდენიმე ასეთი პუნქტია:

“ცესკოს დაკომპლექტება მოხდება და თამარ ჟვანია წავა ავტომატურად. პირველი და ყველაზე მთავარია, რომ 2024 წლის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს 5%-იანი ბარიერით, როგორც ახლა წერია კონსტიტუციაში და ბარიერი უნდა დავიდეს 0-დან 3%-მდე. ამიტომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს”.

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად პარლამენტს ელისაშვილის და იოსელიანის შესვლა საკმარისი არ არის და საჭიროა 113 დეპუტატის ხმა, ელისაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში “ერთი დღით მაინც”:

“ეს პუნქტი არ არის ჰაერი, კი ბატონო [ოპოზიციის წარმომადგენლები] არ შემოდიან, გაბუტულები არიან, ეს სახე [პუნქტი] არის თუ არა მნიშვნელოვანი განსაკუთრებით პატარა პარტიებისთვის. ამ კანონით [5%-იანი ბარიერით] რომ ჩატარებულიყო არჩევნები ახლა მარტო “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იქნებოდა ახლა პარლამენტში. თუ გვინდა რომ ეს შეიცვალოს, ამიტომ თუნდაც პატარა პარტიებმა კეთილი ინებონ და ერთი დღით შემოვიდნენ პარლამენტში. ერთი დღით მაინც შემოვიდეს, როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება, 113 ხმა არის საჭირო, უკვე 17 მანდატია დამატებით საჭირო და შემოვიდეს ერთი დღით და ეს შეიცვლება”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა ნატალია ილიჩოვას, ივერი მელაშვილის, აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი გათავისუფლება “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია:

“ჩვენით ნურავინ ნუ ივაჭრებსო, რომ იძახიან, მათი თავისუფლებით ვვაჭრობდით ზუსტად მოლაპრაკების მაგიდაზე, და მარტო მე კი არ ვვაჭრობდი… კი, მოლაპარაკება იყო ვაჭრობა და არის ვაჭრობა, ნებისმიერი მოლაპარაკება. რა, არ იცოდნენ აქამდე?! ორი თვის განმავლობაში რომ ვამბობდით ეს ხალხი ციხიდან უნდა გამოვიდესო. როგორ ვამბობდით იცით, 4 პუნქტი რაც გვქონდა ოპოზიციას, ვამბობდით, რომ თუ “ქართული ოცნება” ამას შეასრულებს, მაშინ ჩვენ პარლამენტში შევალთთქო. დიახ, ასეთი ვაჭრობა მიდიოდა, ეხლა აღმოაჩინა ვინმემ? ძალიან უცნაური მოსასმენი იყო, გონიერი ხალხია და ასეთი რამე ძალიან გამიკვირდა მათგან”, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, ელისაშვილის თქმით “ყველა საკითხის გატანა” მხოლოდ მან და ლევან იოსელიანმა ვერ შეძლეს. “მოქალაქეების” ლიდერმა ოპოზიციას “მხარში დადგომისკენ” და ბრძოლისკენ მოუწოდა.

გუშინ, 29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “მოქალაქეებმა” “ქართულ ოცნებასთან” საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წაიკითხეთ ვრცლად:

“შევთანმხდით და ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში” — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი