ახალი ამბები

ფიტნესის დარბაზების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

28 იანვარი, 2021 • 1080
ფიტნესის დარბაზების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს ფიტნეს დარბაზების გახნის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

როგორც ფიტნეს დარბაზების მფლობელები და იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, ამ დრომდე არ იციან, როდიდან შეძლებენ მუშაობის დაწყებას, ეს იქნება მარტში თუ უფრო გვიან. ისინი ითხოვენ მთავრობის წევრებთან შეხვედრას, რათა, როგორც ამბობენ, აუხსნან, რომ მოქმედი რეგულაციებით მუშაობის პირობებში ვირუსის გამავრცელებლები არ იქნებიან.

ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლები თქმით, ორივე “ლოქდაუნის” პერიოდში გაჩერება მოუწიათ და მხოლოდ რამდენიმე თვე  მიეცათ მუშაობის უფლება. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ უმუშევრად არიან დარჩენილი და მათთვის დარბაზების გახსნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბექა მახათაძე “სნეპ ფიტნესის” ვაკის ფილიალში მუშაობს. როგორც ის ამბობს, ნოემბრიდან უმუშევარია. პირველი “ლოქდაუნის” დროს უმუშევრად დარჩენილებისთვის 6-თვიანი დახმარება მხოლოდ ერთი თვე ჩაერიცხა, შემდეგ, შემოდგომაზე მიიღო ერთჯერადი დახმარება სახელმწიფოსგან. მისივე თქმით, რეგულაციებს სრულად იცავდნენ, შესაბამისად, შეუძლებელია ვირუსის გავრცელების წყარო გახდნენ. შეზღუდვები კიდევ რამდენიმე თვე რომ გაგრძელდეს, ბექა მახათაძე გვეუბნება, რომ “სნეპ ფიტნესს” ოთხი ფილიალიდან, სავარაუდოდ, რომელიმეს დაკეტვა მოუწევს, რადგან მეოთხე ფილიალის გახსნიდან ორი თვის შემდეგ პირველი “ლოქდაუნი” დაიწყო, ამიტომ კომპანიას მასზე დახარჯული თანხაც არ გამოუმუშავებია.

“პროფესიით ექიმი ვარ და ტრენერად ვმუშაობ. რეალურად რისკფაქტორი რომ ვიყოთ, მეც მთავრობის მხარეს ვიქნებოდი, თუმცა დარბაზში მოვლის საშუალებები გვაქვს, ასევე ვატარებთ დეზინფექციას. მაგალითად, ადამიანი როცა ვარჯიშს მორჩება, იმ ადგილს აუცილებლად უტარდება დეზინფექცია და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ შემდეგ მომხმარებელს. ტრენეჟორებიც ისე გვაქვს გადანაწილებული, რომ 2-3- მეტრიანი დისტანცია იყოს. ამას გარდა, როგორც ყველგან, ჩვენც ვუზომავთ სიცხეს დარბაში მოსულ მომხმარებლებს. ნოემბრიდან უმუშევარი ვარ და არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ერთჯერადად დეკემბრის შუა რიცხვებში მივიღე 300 ლარი. გაზაფხულზე ექვსთვიანი დახმარების თანხა რატომღაც ერთხელ ჩამერიცხა. რატომ არ ჩამერიცხა დანარჩენი თვეები, არ ვიცი… სიები გადაგზავნილი გვქონდა. თავიდან მოლოდინი მქონდა, რომ თებერვლის დასაწყისში გაგვხსნიდნენ, თუმცა არასწორი აღმოვჩნდი. ასეთი ინფორმაციაც გვქონდა, რომ 28 იანვრიდან განვაახლებდით მუშაობას, თუმცა ახლა არაფერს იძახიან”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ მთავრობა მუშაობის უფლებას მისცემთ, თუ ივლიან ისევ მომხმარებლები იმ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, რაც დღეს საქართველოშია, გვპასუხობს:

“ახლა უფრო მეტი ადამიანი ივლის, ვიდრე პირველი ჩაკეტვის შემდეგ დადიოდა. ადრე ხალხი უფრო შეშინებული იყო, თუმცა ახლა მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვირუსიც გადაიტანა და უფრო მიეჩვია ამ სიტუაციას. ძალიან დიდი მოთხოვნაა, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე აქამდე იყო. ახლა ვითხოვთ გაგვაგებინონ, როდის აპირებენ ჩვენს გახსნას, რათა უმუშევრად დარჩენილებმა თავის გატანის რამე სხვა საშუალება მაინც ვნახოთ და მოლოდინის რეჟიმში არ ვიყოთ. თითო ფილიალში 12-13 მწვრთნელი ვიყავით, ამას ემატება ადმინისტრაცია, დასუფთავება და ახლა უმუშევრები ვართ”.

პანდემიის დაწყვების შემდეგ მთავრობამ სხვადასხვა ბიზნე სექტორს სხვადასხვა დახმარების პაკეტი შესთავაზა, თუმცა “სნეპ ფიტნენის” დირექტორის თქმით, მათ მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადავადება შეეხოთ, რომლის გადახდაც ნოემბრიდან უნდა დაეწყოთ, ანუ მაშინ, როცა მთავრობამ ბიზნესსაქმიანობების დიდი ნაწილის მუშაობა ხელახლა აკრძალა, მათ შორის, ფიტნეს დარბაზებიც. ანუ გრაფიკით უკვე უნდა იხდიდნენ გადასახადს, თუმცა ფიტნეს დარბაზის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ პირობებში, როცა კომპანია არ მუშაობს, გადასახადის გადახდა შეუძლებელია.

26 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფიტნეს დარბაზებს მთავრობა სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. სუბსიდირება “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში უნდა მომხდარიყო და, როგორც “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებულ კომენტარში მინისტრი ამბობს, სუბსიდირების საკითხს უახლოეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ დღევანდელ სხდომაზე სუბსიდირების საკითხი მთავრობას არ დაუმტკიცებია. “სნეპ ფიტნესის” დირექტორი პატარა “ჭანჭიკს” უწოდებს სესხის სუბსიდირების პროგრამას იმ დახმარების მოლოდინთან შედარებით, რაც სექტორს მთავრობის მიმართ აქვს.

“სნეპ ფიტნესის” ქსელის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი ასევე ამბობს, რომ ისინიც ელოდებიან მთავრობის მხრიდან სუბსიდირების პროგრამის დამტკიცებას. როგორც ის ნეტგაზეთს ეუბნება, ამ დრომდე ზუსტად არ იციან, რა სქემით მოხდება მათი სესხის სუბსიდირება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ივენთ კომპანიებისა და რესტორნების მსგავსი სქემით მოხდება. მისივე თქმით, აგვისტოსა და სექტემბრის სეზონს თუ არ ჩავთლით, რაც ფიტნესისთვის პასიური სეზონია, 2020 წელს 7 თვე კომპანიას არ უმუშავია. შესაბამისად,  აქტიურ სეზონებზე, ანუ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ფიტნეს დარბაზებს არ უმუშავია. სოფო სოლოღაშვილი ასევე ითხოვს, კვლევით ან სხვა ფორმით მოხდეს მათთვის იმის დამტკიცება, რომ მაღალი რისკის შემცველია ფიტნესის დარბაზები, რადგან ამბობს, რომ  მთავრობის მიერ შემუშავებულ რეგულაციებს სრულად იცავენ.

“ჩვენი მოთხოვნა იყო არა მხოლოდ სესხის სუბსიდირება, არამედ ერთწლიანი დახმარების პაკეტი. აქ უნდა შესულიყო საშემოსავლო გადასახადის მინიმუმ გადავადება თუ არა ჩამოწერა. ბუნებრივია, ჩამოწერა გვერჩივნა, რადგან ამ მდგომარეობით მუშაობას მინუსიდან ვიწყებთ და არა ნულიდან. იმისთვის, რომ დავიწყოთ ნულიდან, მთავრობამ ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ საშემოსავლო გადასახადი გადაგვივადოს, ასევე გადაგვივადოს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), სესხი დაგვისუბსიდიროს და კომუნალური გადასახადების ნაწილი მაინც ან დაგვისუბსიდიროს, ან გადაგვივადოს. გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც. მოკლედ, მათი მხირდან მხარდაჭერას უკვე დიდი ხანია ველოდებით. ამიტომ გამოვედით ქუჩაში, რომ ცივილიზებულ ფორმაში მოლაპარაკებებს როცა ვაწარმოებდით, ეს ამბავი იმ ფორმით არ გამოვიდა. ამ დრომდე როდის გაიხსნება დარბაზები, არ ვიცით. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მარტში გადაიხედება. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება აპრილში გავიხსნათ, მაისში, არ ვიცი… არავინ იცის. [მთავრობასთან კომუნიკაცია] ჩვენ არ გვქონია საერთოდ. უბრალოდ, ე.წ. “ჩატში” გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთან და ამ “ჩატს” ჯერ სარგებელი არ მოუტანია”.

“ურბან გარდენსის” მწვრთნელი ვახტან ბარნოვი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ 9 თვეა უმუშევარია. როგორც ამბობს, მათთვის მნიშვნელოვანია მთავრობის რომელიმე წევრთან შეხვედრა, რათა იცოდნენ, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას:

“უკვე დიდი ხანია ულუკმაპუროდ ვართ დარჩენილები. მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ფიტნეს დარბაზი კორონავირუსის აფეთქების კერა ყოფილიყო. დღეს ჩვენ ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიხსნას სპორტდარბაზები, ასევე ვითხოვთ მთავრობის რომელიმე წევრთან შეხვედრას, რათა გავიაროთ საკითხები თავიდან. ამ დროისთვის ჩვენი გახსნის ვადებზე საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია”.

აქციის ორგანიზატორებმა ასევე მოუწოდეს იქ შეკრებილებს, რომ 30 იანვარს დაგეგმილ აქციას, რომელსაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი გამართავს, შეუერთდნენ. ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი- მთავრობის კანცელარიასთან. გამართულ აქციას “ლელოს” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, როგორც ისინი ამბობენ, მხარს უჭერენ არა მხოლოდ ფიტნეს დარბაზების გახსნას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ამუშავებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი