ახალი ამბები

ხელისუფლება კლინკებისთვის კომუნალურების სუბსიდირებას განიხილავს

25 იანვარი, 2021 • 877
ხელისუფლება კლინკებისთვის კომუნალურების სუბსიდირებას განიხილავს

დღეს, 25 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების დირექტორებს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკებმა მინისტრს სამედიცინო სექტორში არსებული პრობლემები გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო,სელექციური კონტრაქტირების პირობებს, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხს.

„კლინიკების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ეს გარკვეულწილად სახარჯი მასალების თანხების მატებასა და კომუნალური გადასახადების ზრდას უკავშირდება. კოვიდ პანდემიის პირობებში პაციენტთა რეგულარული ნაკადების შენარჩუნება რთული იყო, რაც კლინიკების შემოსავლებზე აისახა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია კლინიკებისთვის გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა იმისთვის, რომ ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე მოიძებნოს მექანიზმი, რათა მოხდეს გარკვეული კომუნალური გადასახადების სუბსიდირება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სამინისტრო ასევე ავრცელებს „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის, გიორგი მინდიაშვილის განცხადებასაც, რომელიც ამბობს, რომ გაძვირებული ელექტოენერგიის სუბსიდირების საკითხს მთავრობის ეკონომიკური გუნდი განიხილავს:

“მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით მოხდება შეთანხმება. ასევე შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც, რათა მოხდეს ფასთა ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება.”

“მედალფას” ხელმძღვანელი გიორგი ამბროლიანი ამბობს, რომ გაზრდილი კომუნალური გადასახადები ჯანდაცვის ხარჯებზე პირდაპირ აისახება და სერვისის ფასს აძვირებს.

როგორც ჟურნალისტებს “ავერსის” კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ უთხრა, შეხვედრაზე იმჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ფიქსირებული ფასების გადახედვაზეც:

“ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად გაძვირდა მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები. ასევე გაიზარდა კომუნალური მომსახურების ფასი, აქედან გამომდინარე, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები და უკვე [დადგენილი] ტარიფი საკმარისი აღარ არის. [მინისტრი] ეთანხმება იმ საკითხს, რომ სავსებით შესაძლებელია, ამ ხნის მანძილზე ეს [ცვლილება] მოხდა და ფასწარმოქმნის მექანიზმზე შევთანხმდებით ამ კვირაში, ხოლო შემდეგ მოხდება ამ ფასების ინდექსაცია.”

სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას სამედიცინო სფეროს 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი