ახალი ამბები

PACE-ში ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს, “ოცნებას” – ხარვეზების აღმოფხვრისკენ

25 იანვარი, 2021 • 1165
PACE-ში ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს, “ოცნებას” – ხარვეზების აღმოფხვრისკენ

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში (ნაწილობრივ ონლაინ) მიმდინარეობს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ანგარიში განიხილეს.

ანგარიშის თანახმად, გარკვეული დარღვევების მიუხედავად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად იყო დაცული, თუმცა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლამ და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების და გამჭვირვალობის სუსტმა რეგულაციებმა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის პირობებში არჩევნების ტექნიკური ასპექტების გონივრულად უზრუნველყოფა შეძლო. ამასთან, ასამბლეის დელეგაცია ხაზს უსვამს მმართველი პარტიის დომინანტურ წარმომადგენლობას საარჩევნო ამდინისტრაციაში, განსაკუთრებით ქვედა რგოლებზე, რაც ნეგატიურად აისახა საზოგადოების აღქმაზე საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობის შესახებ.

მედიის ნაწილში ანგარიშში ნათქვამია, რომ პლუარალისტური მედიაგარემო პოლიტიკური და ბისნესინტერესბის კვალდაკვალ პოლარიზებული იყო.

საკითხზე მომხსენებელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელი ტინი კოქსია, რომელმაც არჩევნების მეორე დღეს მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და გააკრიტიკა ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოწოდების გამო.

მოვუწოდებთ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ — PACE

ტინი კოქსმა აღნიშნული მოწოდება ოპოზიციისადმი პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა. ასევე, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებთან და სათანადოდ გამოიძიოს ყველა საჩივარი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

“თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე უკვე მოუწოდეს პარტიებს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, რათა ხელი შეუწყონ დემოკრატიის კონსოლიდაციას. ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, შეამოწმონ ყველა საჩივარი საარჩევნო პროცესთან და დაკავშირებით და ყველა მხარე ჩაერთოს დიალოგში წარმოქნილი პრობლემების მოსაგვარებლად და შემდგომი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის მიზნით”, – განაცხადა კოქსმა.

რუმინელმა დეპუტატმა სოციალისტთა ჯგუფიდან ტიტუს კორლატენმა ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას, გამოიძიოს დარღვევები და აღმოფხვრას ხარვეზები, რომელზეც ეუთო/ოდირის დასკვნებშია საუბარი.

“ოპოზიციის მისამართით კიდევ ერთელ გავიმეორებ ჩვენს თხოვნას, დებატები გადაიტანონ პარლამენტში”, – აღნიშნა მან.

ტინი კოქსის პოზიტიურ შეფასებას საპარლამენტო არჩევნების შესახებ არ დაეთანხმა ლიეტუველი დეპუტატი EPP-დან ლაიმა ანდრიკიენე, რომელიც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელმძღვანელობდა ევროპარლამენტის მონიტორინგის მისიას.

“ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2020 წლის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში და დემოკრატიის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯი. სავარაუდო შედეგი იყო კოალიციური მთავრობა პირველად საქართველოს ისტორიაში. მაგრამ არჩევნების ღამეს რაღაც არასწორად განვითარდა. ამომრჩევლებზე ორგანიზებული ზეწოლა კრიმინალური ელემენტების მეშვეობით, ოპოზიციის წარმომადგენლების მარგინალიზება საარჩევნო კომისიებში და ოქმების გადაწერა საარჩევნო კომისიაში — ეს იყო მთავრობის მიერ მის სასარგებლოდ გამოყენებული ინსტრუმენტები. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს, ხოლო ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მთავრობა უარს ამბობს წინ წაიწიოს ოპოზიციის რომელიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ანდრიკიენემ.

მისი შეფასებით, საქართველო დგას დიდი საფრთხის წინაშე, რამდენადაც პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების პოლარიზაცია ღრმავდება.

“ერთადერთი გზა არის საარჩევნო პროცესისადმი ნდობის დაბრუნება. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს ანგარიშში, რომელსაც დღეს განვიხილავთ”, – დასძინა მან.

ესტონელმა დეპუტატმა მარია ჯუფერევა-სურატოვსკიმ ALDE ჯგუფის (ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) სახელით მოუწოდა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციას, დაიწყონ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები და გამოიყენონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტი არ არის მოსახლეობის ინტერესის გამოხატვისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საუკეთესო გზა”, – აღნიშნა მან და ხელისუფლებას და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ამავდროულად, მან გააკრიტიკა მმართველი პარტიის განზრახვა დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან.

“ამ ზომამ შეიძლება, პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება გამოიწვიოს. მოუთმენლად ველით ვენეციის კომისიის დასკვნას აღნიშნულ ინიციატივაზე. მივესალმებით კომისიის შექმნას ბოლო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოსაძიებლად. ასევე, გთავაზობთ, ტრადიციული საარჩევნო სისტემის გარდა, დანერგოთ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა”, – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.

საქართველოში პოსტსაარჩევნო [მონიტორინგის] მისიის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა ევროპის სახალხო პარტია (EPP).

“ოქტომბერში ჩატარებულმა არჩევნებმა კითხვები გააჩინა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს ხარვეზები, რომელსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. EPP შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური მოტივებით ორი ოპოზიციონერი კანდიდატის დაკავების გამო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე”, – განაცხადა პოლონელმა დეპუტატმა ალექსანდერ პოსიეჟმა.

მისი თქმით, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა აუცილებელია მოსახლეობასა და ინსტიტუტებს შორის ნდობის გასაღრმავებლად და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავა თავის გამოსვლაში მესალმა ტინი კოქსის ანგარიშს, მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანისკენ, რადგან მისი თქმით, 1%-იანი დარღვევაც არ გამოვლენილა.

მან დეზინფორმაცია უწოდა პოლიტიკური პატიმრების შესახებ ცნობას და აღნიშნა, რომ არცერთი კანდიდატი არ დაუკავებიათ. ასევე, ისაუბრა სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებულ შეცდომაზე, აღნიშნა რა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა ოპოზიციის ერთ-ერთი არგუმენტი იყო.

სწორედ კუჭავა ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ირაკლი კობახიძე, ფრიდონ ინჯია, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

საქართველოს დელეგაცია შეუართდა უკრაინის დელეგაციის ინიციატივას, რომელმაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციამ აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამრიგად არღვევს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის დელეგაციის უფლებამისილების ცნობის წინააღმდეგ ხმა მისცა 38-მა დეპუტატმა, 61 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 51-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

საბოლოოდ, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების საკითხს საპარლამენტო ასამბლეა მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მონიტორინგის კომიტეტი ანგარიშს მოამზადებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი