ახალი ამბები

აპლიკაცია Stop Covid, რომელზეც მთავრობამ 400 ათასზე მეტი დახარჯა, გააუქმეს

22 იანვარი, 2021 •
აპლიკაცია Stop Covid, რომელზეც მთავრობამ 400 ათასზე მეტი დახარჯა, გააუქმეს

პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი აპლიკაცია Stop Covid, რომლის მომსახურებაშიც სახელმწიფომ 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა, გაუქმებულია.

მომხმარებლებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ აპლიკაცია 20 იანვრიდან ფუნქციური აღარ არის. აპლიკაციის გაუქმებას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურშიც. მათი განცხადებით, მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 იანვრიდან აპლიკაციის დეაქტივიზაცია მოხდა.

“საჭიროებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება. [აპლიკაციას მუშაობა რომ გაეგრძელებინა] ამაში, რა თქმა უნდა, სამინისტროს თანხა უნდა გადაეხადა. ეს აპლიკაცია გარკვეული ვადით იყო”, – უთხრეს ნეტგაზეთს პრესსამსახურში.

პრესსამსახურის წარმომდგენელს ასევე ვკითხეთ, გართულებული ეპიდვითარების ფონზე რატომ მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, ასევე, დამატებით რა თანხა უნდა გადაეხადა სამინისტროს, რათა აპლიკაციით სარგებლობა იანვრის შემდეგაც ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა სამინისტროგან ამ ეტაპზე მხოლოდ ეს გვიპასუხეს:

“Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა დასრულდა 2021 წლის 20 იანვარს და მოხდა მისი დეაქტივაცია. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება.”

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგისთვის შექმნილი აპლიკაციის პრეზენტაცია გასული წლის აპრილში გამართა. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო როგორც IOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია მომხმარებლებს ატყობინებდა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან თუ ჰქონდათ კონტაქტი. ის მომხმარებლის მოწყობილობას უნიკალურ ID-ს ანიჭებდა და ბლუთუზისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იმ მოწყობილობების უნიკალურ ID-ს იმახსოვრებდა, რომლებმაც მის სიახლოვეს 10 წუთი ან მეტი დაჰყვეს.

იმ შემთხვევაში კი, თუ აპლიკაციის რომელიმე მომხმარებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, კონფიდენციალურობის დაცვით, ამავე აპლიკაციაში უნდა მიეთითებინა, რომ ინფიცირებულია, რის შემდეგაც შეტყობინებას მიიღებდა ყველა სხვა მომხმარებელი, რომლებსაც მასთან 10 წუთით ან მეტი დროით ჰქონდათ კონტაქტი.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის, რის შემდეგაც მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც, უწყების თქმით, რეტროაქტიულად დაფინანსდა მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი