შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 70-დან 120-მდე იზრდება – მთავარი ინსპექტორი

მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შრომის ინსპექტორთა საერთო რაოდენობა უახლოეს მომავალში 120-მდე გაიზრდება.

ამჟამად შრომის ინსპექციის სამსახურში (ჯანდაცვის სამინისტროს სსიპი, რომელმაც შრომის რეფორმის შედეგად 2021 წლიდან ჩაანაცვლა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი) 70-მდე შრომის ინსპექტორი მუშაობს.

შრომის ინსპექციას 2021 წლის პირველი იანვრიდან მანდატი გაუფართოვდა და ახლა შეუძლია არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების, არამედ შრომისა უფლებების დარღვევის ფაქტებზეც ჰქონდეს რეაგირება და ამ მიმართულებითაც შეამოწმოს საწარმოები. ამავე დროს, შრომის ინსპექცია ზედამხედველობს მთავრობის მიერ დაწესებული ეპიდემიოლოგიური ზომების შემოწმებასაც.

„ვგეგმავთ ინსპექტორთა რაოდენობის 120-მდე გაზრდას, რათა შრომის ინსპექციის სამსახურმა ყველა მიმართულებით უზრუნველვყოთ უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულება“, – განუცხადა ბექა ფერაძემ „ნეტგაზეთს“.

მისი თქმითვე, უწყებას უკვე აქვს გათვალისწინებული 120 შტატი, თუმცა კადრები ჯერ არ აუყვანიათ, უახლოეს პერიოდში კი საჯარო კონკურსის გამოცხადება იგეგმება კადრების ასაყვანად. „იმედი გვაქვს, რომ რაოდენობა შეივსება“, – აცხდებს იგი.