NGO-ები ციხეების საკითხზე ომბუდსმენს მხარდაჭერას უცხადებენ და სახელმწიფოს რეაგირებას სთხოვენ

სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველს მხარდაჭერას უცხადებენ და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით და უზრუნველყონ მსჯავრდებულთა უსაფრთხოება. ამის შესახებ ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ორგანიზაციები მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები იყოს უზრუნველყოფილი პენიტენციურ დაწესებულებებში.

“სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე ორმაგად სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული პრობლემები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერადაც უარყოფენ ციხის სუბკულტურის არსებობას და მასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს”, – წერენ სამოქალაქო ორგანიზაციები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასული თვეების განმავლობაში სახალხო დამცველზე და მის მუშაობაზე უსაფუძვლო კრიტიკა მრავალჯერ გახმიანდა, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის დეტალები უკანონოდ გასაჯაროვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებული პრობლემის არაღიარება და სახალხო დამცველის ინსტიტუტის დადანაშაულება ქმნის ვითარების დამძიმების რისკებს და პენიტენციური დაწესებულების შიგნით ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის მიერ გახმიანებული საკითხები არ გახდეს მორიგი პოლიტიკური მანიპულაციების საგანი და ამ პრობლემებზე წარიმართოს შესაბამისი საქმიანი მსჯელობა.

ორგანიზაციები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ:

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) , საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

სახალხლო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ციხეებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენს.

ამასთან, მან განმარტა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წევრებს სამუშაო ვიზიტების დროს ხელს უშლიან პატიმრებთან მუშაობაში, რასაც ციხეების ადმინისტრაცია ხელს უწყობს.

ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა ხელს გვიშლის მუშაობაში – ომბუდსმენი