ახალი ამბები

წერეთელზე გაჩერებების ნაწილი, ჭავჭავაძის მსგავსად, გზის შუაში განთავსდება – მერია

20 იანვარი, 2021 • 2772
წერეთელზე გაჩერებების ნაწილი, ჭავჭავაძის მსგავსად, გზის შუაში განთავსდება – მერია

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შემდგომ გაჩერებების ნაწილი სავალი გზის შუაში განთავსებდა. ამის შესახებ ნეტგაზეთთან ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.

წილოსანი ნეტგაზეთს უყვება, რომ თბილისის მერია გეგმავს ქეთევან წამებულის, ვაჟა-ფშაველასა და წერეთლის გამზირების რეაბილიტაციას, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტების განხორციელება დაგეგმილ დროში ვერ მოხერხდება.

„ვაჟა-ფშაველა და წერეთელი ამ ეტაპზე არ არის ბიუჯეტში ჩასმული. კორონავირუსიდან გამომდინარე, ბიუჯეტის კორექტირება მოხდა, აქედან გამომდინარე, რამდენიმე პროექტი, მართალია, პრიორიტეტულია, ისინი მაინც შეჩერდნენ. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პანდემიასა და ეკონომიკის აღდგენაზე“, – ამბობს ის.

ვიქტორ წილოსანი. ფოტო: თბილისის მერია

ჩვენს კითხვაზე, დაახლოებითნრამდენი შეიძლება დაჯდეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, ვიქტორ წილოსანი გვპასუხობს, რომ ეს ინფრასტრუქტურის სამსახურის პრეროგატივაა, თუმცა, დაახლოებით, ეს თანხა შესაძლოა იმდენივე იყოს, რამდენიც ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვისაა გამოყოფილი.

„ქეთევან წამებულის პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია, მაგრამ თვითონ მერიის დაფინანსება ბევრად უფრო ნაკლებია. იცით, რომ ინფრასტრუქტურლი პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საფარს, იქ არის GWP [„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“], კავშირგაბმულობის მონაწილეობა, ბევრი კომპანია მონაწილეობს ამ პროცესში და ბევრი კომპანიის დაფინანსებისგან შედგება,“.

ქეთევან წამებულის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე მერია დიდი სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას გეგმავს. სამივე მათგანის დაპროექტებას სათავეში კომპანია STS უდგას.

წილოსანი ამბობს, რომ წერეთლის გამზირის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მას გარკვეული კორექტირება ჩაუტარდება.

„პროექტის შესაბამისად, გაჩერებების ნაწილი შუაშია, ნაწილი კი, გვერდებზე. ძირითადი ნაწილი- მაინც შუაში“, – ამბობს წილოსანი. მისივე თქმით, წერეთლის გამზირის ცალხმრივად გადაკეთება არ იგეგმება და აქაც გათვალისწინებულია ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი ინფრასტრუქუტრული ჩარევები.

„ის პროექტი, რომელიც ჭავჭავაძეზე განხორციელდა, არის ერთადერთი, უალტერნატივო და სწორი გამოსავალი იმ განვითარებულ ურბანულ გარემოში. შესაბამისად, პირიქით, ეს არის საჩვენებელი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალაქის თანამედროვე ქუჩა“, – განმარტავს ვიქტორ წილოსანი.

სატრანსპორტო ქსელის ცვლილება ვაკეში – „ეს მხოლოდ დასაწყისია“

მასალების გადაბეჭდვის წესი