ახალი ამბები

არ უნდა დავუშვათ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა – კალაძე

13 იანვარი, 2021 • 1611
არ უნდა დავუშვათ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა – კალაძე

კახა კალაძე ეხმაურება ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებას და ამბობს, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

სოფელ ბუკნარში დღეს ქრისტიან და მუსლიმ თემებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე.

საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.

არ უნდა დავუშვათ, ამ დიდი ტრადიციის. მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე, საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.

მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“, – წერს კალაძე განცხადებაში, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ სოფელ ბუკნარში დღეს მომხდარ დაპირისპირებას შეეხება. აქ დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი, იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო.

საბოლოოდ, ჩოხატაურის მერმა განაცხადა, რომ ორ დაპირისპირებულ თემს შორის შეთანხმება შედგა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/322770/

მასალების გადაბეჭდვის წესი