“რაც შემეძლო გავაკეთე… უკან რაღატო უნდა გავიქაჩო?” — ივანიშვილი

“ქართული ოცნების” უკვე ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ მიდის როგორც პოლიტიკიდან, ისე პარტიიდან, წყვეტს ყველანაირ საქმიან კონტაქტს “ოცნების” გუნდთან და უკან დაბრუნებას გამორიცხავს.

“მე რაც შემეძლო, ჩემი ჩვევები, ჩემი გამოცდილება, გუნდთან ერთად და არამარტო, რაც შემეძლო მე უკვე გავაკეთე და ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. რაც კი შეიძლებოდა ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა, როდესაც გუნდს შეიძლება რაღაც გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, გაუგებარია.

რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რაღაზე მოვდივარ? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? მარტივი თემაა, ე.ი. რაღაც ვერ გავაკეთე კარგად”, — თქვა ბიძინა ივანიშვილმა 12 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” ამჟამინდელი გუნდი არის ჩამოყალიბებული, გამოცდილი და ისინი ივანიშვილისგან არ საჭიროებენ სამომავლო კონსულტაციებს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა.

“მე რაც შემეძლო, ჩავდე და გავაკეთე. თუ ამან არ იმუშავა, მაშინ რა პრეტენზია უნდა მქონდეს მე, რომ უკან შემოვბრუნდე? თუ ერთხელ ვერ გავაკეთე, მეორედ რატომ გავაკეთებ?” – ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, გამოუცდელი იყო როგორც მისი პოლიტიკური გუნდი, ისე – ქვეყნის მოსახლეობა.

მისი თქმით, “ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ გვიმართავს არათუ ათწლეულებია, ასწლეულებიც კი. ამის გამოცდილება არ გვაქვს. მით უმეტეს, არ გვაქვს გამოცდილება დემოკრსტიული მმართველობის და ხიფათი ძალიან დიდია”.

“ოცნების” მხარდამჭერი აღარ ვიქნები, გუნდთან ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება — ივანიშვილი