“ფატუ ბენსუდა ჩართული იყო კორუფციული ქმედებებში” — მაიკ პომპეო

აშშ-ს მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მთავარ პროკურორ ფატუ ბენსუდას კორუფციულ ქმედებებში სდებს ბრალს. ამის შესახებ პომპეო ტვიტერზე წერს.

როგორც პომპეო წერს, ბენსუდა აშშ-ს მიერ სანქცირებულია.

“ICC არის კორუმპირებული, პოლიტიზირებული და არაკომპეტენტური. მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, ჩართული იყო კორუფციული ქმედებებში პირადი სარგებლობისთვის და გაფლანგა მილიონები ამერიკელი პერსონალის მავნებლური დევნით”, — წერს პომპეო.

ჰააგაში ბაზირებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ამჟამად ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ შესაძლო ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებს. შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერი არ არის და სასამართლოს დაფუძნების დღიდან აკრიტიკებდა.

აშშ აქამდეც აფრთხილებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), შეეწყვიტა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრი სანქციების ამოქმედებას აანონსებდა. კერძოდ, საუბარი იყო მათი ანგარიშების გაყინვაზე აშშ-ში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე. უფრო ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

მიმდინარე პერიოდში BBC იტყობინებოდა, რომ ავღანეთის საკითხის გარდა, აშშ-ის განაწყენების სხვა მიზეზებიც არსებობს. ერთ-ერთია ICC-ის 2016 წლის ანგარიში, სადაც წერია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) ავღანეთში მოწყობილი ჰქონდა საიდუმლო ციხეები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ომის შესაძლო დანაშაულებები ჩაიდინა როგორც ავღანეთის მთავრობამ, ისე – თალიბანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გაერო-მ 2002 წელს რომის წესდებით დააფუძნა და მას მსოფლიოს 123 ქვეყანა შეუერთდა. რომის სტატუტის წევრია ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა, თუმცა სახელმწიფოთა ნაწილი, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი და აშშ შეთანხმებას არ შეუერთდნენ. აღნიშნული სასამართლო იძიებს ომის დანაშაულებებს, გენოციდსა და დანაშაულებებს კაცობრიობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოები ამას არ აკეთებენ. გარდა ამისა, აღნიშნული სასამართლო წყვეტს კონკრეტულ პირთა ბრალეულობისა და პატიმრობის საკითხსაც.

სწორედ ICC-ის პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბენსუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

აშშ–მ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა