საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში შობის შესახვედრად მრევლი შეიკრიბა.
მოქალაქეები ასევე მივიდნენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საშობაო წირვა ილია მეორემ უნდა აღავლინოს.
დღეს, 6 იანვარს, საღამოს 21.00 საათიდან მხოლოდ ერთი ღამით მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მთელ საქართველოში. ეს გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა.
7 იანვრის დილიდან ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოქალაქე საშვის გარეშე 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გადაადგილდება, შესაძლოა 2 000 ლარით დააჯარიმონ.
გადაადგილებაზე შეზღუდვა კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ საქართველოში 28 ნოემბრიდან შემოიღო და გამონაკლის დღეებად ახალი წლის ღამე და 6 იანვარი დაასახელა.
- საქართველოს მთავრობამ ერთდღიანი გამონაკლისი მართლმადიდებლური შობის დღესასწაულისთვის დაუშვა, თუმცა სხვა კონფესიებისთვის იგივე არ გაუკეთებია.
- ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორში უთანასწორო მოპყრობად აფასებენ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კი “აშკარა დისკრიმინაცია” უწოდა.
- რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, აქ ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო შობა დღეს „ალილოს“ მსვლელობა არ ჩატარდება, ხოლო საშობაო წირვა, რომელსაც ილია მეორე აღავლენს, 23:00 საათზე დაიწყება.