გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

გორში ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე 30 დეკემბერს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ფოტო: შოთა კუთხაშვილი

უწყების ცნობით, თავდაპირველად შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

“ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაუყოვნებლივ დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია”, – აღნიშნავს უწყება.

პრესსამსახურის თანახმად, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილიც მივიდა, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს.

ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.