“ეს არის ჭორები” — გახარიას თქმით, სრულ ჩაკეტვაზე ინფორმაცია ტყუილია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 3 იანვრიდან “ლოქდაუნის” (სრული ჩაკეტვის) გამოცხადება და შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება. ამის შესახებ მან დღეს, 29 დეკემბერს, განაცხადა.

მისი თქმით, ვრცელდება ჭორები, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება, განსაკუთრებით -გადაადგილებაზე, რასაც მთავრობა არ აპირებს.

“არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით.

ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ. რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის”, — განაცხადა გახარიამ.