ახალი ამბები

31 დეკემბრის ღამეს გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე – ჯაფარიძე

27 დეკემბერი, 2020 • 1384
31 დეკემბრის ღამეს გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს 31 დეკემბრის ღამეს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება, სადაც მოწვეული იქნება სხვადასხვა დიჯეი. ამის შესახებ ჯაფარიძემ ფეისბუკზე ე.წ ივენთი შექმნა სახელწოდებით “ჯერ სახლში და მერე ჯაფარასთან”.

“31 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება. არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე”, – წერს ჯაფარიძე.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, ჯაფარიძემ და “გირჩმა” სხვადასახვა ღონისძიება გამართეს ისე, რომ დაწესებული რეგულაციები არ დაერღვიათ.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ჩატარდა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩის პარალელურად. მაშინ ჯაფარიძემ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონის წინ ეკრანი გააკეთა, სადაც მოქალაქეები ფეხბურთის საყურებლად და “მასთან სასაუბროდ” დაპატიჟა. აღნიშნულ შეკრებას წინ უძღვოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართებოდა. ფედრაციის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

ასევე, პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა”, რომლის ლიდერიც მაშინ ზურაბ ჯაფარიძე იყო, ბარებში “საარჩევნო შტაბი” გახსნა, რის შემდეგაც შსს-მ ორი ბარის საქმეზე კარანტინის წესი დაარღვევისთვის ორი ბარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 19 ოქტომბერს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დააჯარიმებენ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციებს და საბაბად პოლიტიკურ მიზეზს იყენებენ.

როგორც “გირჩის” წევრმა ლევან ჯგერენაიამ ნეტგაზეთს უთხრა, ლესელიძისა და ათონელის ქუჩაზე მდებარე ბარებში ჯანდაცვის შრომის ინსპექცია და პოლიცია 16 ოქტომბერს, საღამოს შევიდა, იმ დროს, როცა “გირჩის” შტაბი მუშაობდა და პარტიის წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ. მისივე თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინპქეციის წარმომადგენლებს ამ ბარებისთვის ჯარიმის ოქმი არ ჩაუბარებიათ. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიწყოს ამ პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. “გირჩის” წარმომადგენელი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ბარის ხელმძღვანელებს ინსპექციის წარმომადგენლებმა მხოლოდ სიტყვიერად უთხრეს, რომ აჯარიმებდნენ, თუმცა მათთვის ოქმი არ გადაუციათ.

მანამდე კი, 23 მაისს, ასევე არსებული შეზღუდვების პარალელურად ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია-სეირნობა გამართა. იპოდრომზე შეკრებილი აქციის 14 მონაწილე პოლიციამ დააჯარიმა 3 000 ლარით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე და “გირჩის” სხვა წევრები. ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 მოქალაქე, მათგან 2 პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს 1000-1000 ლარით, მესამე კი გაფრთხილებით გაათავისუფლეს.

ჯაფარიძემ და სხვებმა დააფუძნეს ახალი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება”

მასალების გადაბეჭდვის წესი