საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ იუწყება “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC), რომელმაც სარჩელი საკონსტიტუციოში 2017 წელს, “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავების შემდეგ წარადგინა.
“საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა”, – ამბობს ორგანიზაცია.
EMC-ის განცხადებით, სასამართლომ თავისთავად არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, მაგრამ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, სამართალდამცავებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა.
ამავდროულად, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ჩხრეკის დასაბუთებულობაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ:
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანია სამართლიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
“…განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის უმნიშვმელოვანეს ინსტრუმენტს წარმოაგენს, მაგრამ ამ მიმართულებით დღევანდელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისი გარე-კონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმბებს. გადაწყვეტილება ასევე აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის მტკიცებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა სისტემურ დახვეწას საჭიროებს”, – ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.
პროექტ “ბირჟა მაფიას” წევრები, Yong Mic(მიშკა მგალობლიშვილი) და გიორგი ქებურია პოლიციამ 2017 წლის ივნისში დააკავა. შსს მათ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობას ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
“ბირჟა მაფიის” წევრების დამავებას წინ უძღოდა რეპერების მიერ თავიანთ კლიპში პოლიციელის გაშარჟება. აღკვეთის სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. მოგვიანებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში საერთოდ შეწყდა.
რეპერები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები ამ კლიპის გამო ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნარკოტიკი ჩაუდეს. საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი იმ პოლიციელთა პასუხისგების შესახებ, რომლებმაც ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით რეპერები დააკავეს.
“აღნიშნულმა საქმემ ნათლად გამოაჩინა როგორც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პრობლემურობა, აგრეთვე ე.წ. ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში პოლიციის თვითნებობის და მათი მხრიდან ნარკოტიკის „ჩადების“ საფრთხეები”, – აღნიშნავს EMC