ახალი ამბები

გომელაური ბადრი ესებუაზე: “სად წავა, დღეს თუ არა, ხვალ დავაკავებთ”

22 დეკემბერი, 2020 • 1501
გომელაური ბადრი ესებუაზე: “სად წავა, დღეს თუ არა, ხვალ დავაკავებთ”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის  გაერთიანებულ სხდომაზე ბადრი ესებუას საქმესა და მისი ძმის დაკავების შესახებ ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მთავრობამ თავიდანვე მიიღო ძალის არგამოყენების გადაწყვეტილება.

“ეს არის მსოფლიო სტანდარტი, თუ პირველ მძევალს გაანადგურებს, მაშინ იწყებ სპეცოპერაციას, ან ელოდები და ადამიანის სიცოცხლეს არ აყენებ რისკის ქვეშ და უსრულებ [თავდამსხმელს] იმას, რასაც ითხოვს ის ადამიანი, ამის შემდეგ ხდება მისი დაკავება ან განადგურება, ეს სხვა თემაა. პრემიერთან გვქონდა ლაპარაკი და ერთპიროვნულად გადავწყვიტეთ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო”, – აცხადებს გომელაური.

ბადრი ესებუას ძმაზე საუბრისას გომელაური აცხადებს, რომ დაკავებული ეხმარებოდა მიმალვაში მყოფ ძმას.

“იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა საკვებს [ბადრი ესებუას]. მას აღმოაჩნდა ვაზნები და ასაფეთქებელი ნივთიერება თან”, – ამბობს გომელაური.

“ჟურნალისტებისგან არის შეკითხვა, აბა, რას ვშვრებით. საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის განმავლობაში ძებნილები, რომლებიც კვლავ საქართველოში არიან, გვყავს 16 წლის განმავლობაში ძებნილიც. ნუ უკვირს ოპოზიციას, ეს ჩვეულებრივი თემაა. სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. ეს არის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ”,- ამბობს შს მინისტრობის კანდიდატი.


ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა.

რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. 26 ოქტომბერს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

პოლიციამ შემთხვევიდან ერთ თვეზე მეტის ხნის გასვლის შემდეგ დააკავა ბადრი ესებუას ძმა, რომელიც, გამოძიების თანახმად, ძმას მიმალვაში ყოფნის დროს, იარაღითა და საკვებით ამარაგებდა. თავად ესებუას ძმა ბრალდებას არ აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი