წამლებზე 300%-იანი მოგების განცდას თურქეთთან მემორანდუმით დავაზღვევთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდენება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“.

22 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ ეს [ფასების დაწევა] „მხოლოდ ერთი ბერკეტით ვერ განხორციელდება“ და თქვა:

„თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს განხორციელებული მრავლობითი მოლაპარაკება თურქეთთან და ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი“.

მინისტრის თანახმად, ეს არ გულისხმობს, რომ თურქეთში რეგისტრირებულ წამლებს საქართველო აღიარებს:

„ვითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი არ გახლავთ აღიარებითი რეჟიმი და წამლების საქართველოში შემოტანის წარმატებული გზა. აქ იქნება აუცილებლად ეროვნული რეჟიმით წამლების აღიარების და რეგისტრაციის კომპონენტი და დავტოვებთ ამ კომპონენტს“.

თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებს თურქეთის სამინისტროსთან, რათა:

„შემუშავდეს ხარისხიანი პრეპარატების ჩამონათვალი, სადაც [მოხვდება] ყველა ხარისხიანი პრეპარატი, რომელიც საჭიროა საქართველოში შემოსატანად, — ის ესენციური პრეპარატები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რისი შემოტანაც არის შესაძლებელი“.

ეს ინიციატივა, ტიკარაძის თქმით, „კერძო სექტორს გაუადვილებს გზას და სახელმწიფოს გარკვეულწილად გაუჩენს ბერკეტს, რომ გვეცოდინება, რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე“.

„შესაბამისად, ის განცდა, რაც საქართველოში არსებობს, 300%-იანი და 400%-იანი მოგების, გარკვეულწილად, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გადაზღვეული იმ გამჭვირვალობით, რასაც თურქეთის სახელმწიფო გვთავაზობს“, – განაცხადა მინისტრმა.

საკმარისია ეს წამლების ფასის შესამცირებლად?

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევის თანახმად, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი ჯიბიდან გადახდებში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, UNICEF-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, შინამეურნეობების ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის.

NDI-ის 2019 წლის ერთ-ერთი კვლევა კი აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მედიკამენტების ფასი იყო (რასაც ექიმების და მედმუშაკების კვალიფიკაცია (24%) და სამედიცინო მომსახურების საფასური მოსდევდა).

კაკი ზოიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯომარე კაკი ზოიძემ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში [2020 წლის სექტემბერში] რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი სქემა ჩამოაყალიბა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, საგრძნობლად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს მოქალაქეებისათვის:

  1. მოწესრიგდეს საბაზრო მექანიზმი და ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნას;
  2. დაიშვას პარალელური რეგისტრაცია თურქეთიდან, თუმცა, გარკვეული დათქმით;
  3. გაფართოვდეს წამლების სუბსიდირების პროგრამა 23-დან 90 მედიკამენტამდე;

1) ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა

კაკი ზოიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, თუ რას ითვალისწინებს თითოეული პუნქტი:

2) პარალელური რეგისტრაცია თურქეთთან

საქართველოს უკვე აქვს პარალელური და იმპორტის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. ბრიტანეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და აშშ-თან.

კაკი ზოიძის რეკომენდაცია იყო, რომ ამ რეჟიმს თურქეთიც შეერთებოდა, თუმცა ფალსიფიცირების მაღალი რისკის გამო დადებულიყო წინასწარი დათქმა, რომ:

„კონკრეტულ პარტიაზე მთავრობამ, სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება. ანუ თურქეთის მთავრობასთან დაამყაროს ისეთი თანამშრომლობის რეჟიმი, რომ მაშინვე გაგზავნოს მოთხოვნა, ესა თუ ის პარტია მისაღებია თუ არა, არის თუ არა ის რეგისტრირებული თურქეთის ბაზაში. ანუ სახელმწიფო კონკრეტული პარტიის შემოტანისას გასცემს ნებართვას“.

3) „1-ლარიანი წამლების სია გაფართოვდეს“

ზოიძის კიდევ ერთი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ 23-დან 90-მდე გაიზარდოს იმ მედიკამენტების (აქტიური ნივთიერებების) სია, რომლებსაც სახელმწიფო ფარავს და რომლებიც პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის 1 ლარი ღირს.

აღნიშნულ სიაში შედის მედიკამენტები, რაც ექვსი კატეგორიის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

    1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ა.შ.;
    2. ფილტვის დაავადებები, ასთმა და ა.შ;
    3. შაქრიანი დიაბეტი (არა ინსულინდამოკიდებული);
    4. ქრონიკული ეპილეფსია და პარკინსონი;
    5. სახსრების დაავადებები;
    6. + ანტიბიოტიკები ბავშვებისთვის;

ზოიძის თანახმად, ეს პროგრამა ცალკე აღარ არსებობს და ახლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილია, თუმცა ანაზღაურება თავდაპირველად დაახლოებით ₾10 მლნ-ზე იყო გათვლილი.

თუმცა მედიკამენტების სიის გაფართოება გამოიწვევს ბიუჯეტის შესამჩნევ გაზრდასაც. ამის გათვალისწინებით, ზოიძე ამბობს, რომ ეს „იმხელა შეღავათი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ბიუჯეტის 30 ან თუნდაც 40 მლნ-მდე გაზრდა ნამდვილად ღირს“.

ფასნამატი?

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, ემხრობა თუ არა ფასნამატის რეგულირების საკითხს, ზოიძემ განაცხადა, რომ ეს არარეალისტურია, თუმცა პრობლემა ნამდვილად არსებობს:

„იაფ წამლებზე არის 1000%-იანი ფასნამატი. ტაბლეტი ღირს 1 თეთრი და 10 თეთრად ყიდიან. ეგ არის 1000%-იანი ფასნამატი. ოღონდ ამას ვერავინ ამჩნევს. და რომ იცოდეთ, ძვირიან წამლებზე ნაკლებია ფასნამატი. „ფული კეთდება“ სწორედ ამ იაფ წამლებზე, რაც მასობრივი მოხმარებისაა და რაც შეუმჩნეველია“.

ამის მიუხედავად, ზოიძე ამბობს, რომ ამ საკითხის რეგულირებას კომპანიები მარტივად დააღწევენ თავს და ამიტომ უფრო რეალისტურია ზემოთ ჩამოთვლილი სამი მიმართულებით მუშაობა, მედიკამენტების ადგილობრივად წარმოების წახალისებასთან ერთად.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში