ახალი ამბები

აშშ რუსეთში თავის უკანასკნელ საკონსულოებს ხურავს და მხოლოდ საელჩოს ტოვებს

19 დეკემბერი, 2020 • 1232
აშშ რუსეთში თავის უკანასკნელ საკონსულოებს ხურავს და მხოლოდ საელჩოს ტოვებს

აშშ რუსეთში თავის საკონსულოებს აუქმებს და მხოლოდ მოსკოვში მოქმედ საელჩოს ტოვებს. ინფორმაცია ამერიკულ მედიას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურში უკვე დაუდასტურეს.

CNN-ის თანახმად, შეტყობინება, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატს ხსენებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, 10 დეკემბრით თარიღდება. გეგმის თანახმად, იხურება საკონსულო ვლადივოსტოკში და ოპერაციებს აჩერებს საკონსულო ქალაქ ეკატერინბურგში. უწყება ამ ნაბიჯს აშშ-ის დიპლომატიური მისიის ოპტიმიზაციით ხსნის.

ამის შემდეგ აშშ-ის რუსეთის ფედერაციის მასშტაბით მხოლოდ ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა დარჩება: საელჩო, რომელიც დედაქალაქ მოსკოვში მდებარეობს.

მიმდინარე კვირას, როცა აღნიშნული შეტყობინების შესახებ გახდა ცნობილი, აშშ-ის ფედერალური მთავრობის რიგ სააგენტოებზე, ისევე როგორც ასობით კომპანიაზე, მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. არსებობს ეჭვები, რომ მომხდარს რუსეთთან აქვს კავშირი.

უცნობია, კონკრეტულად როდის დაიხურება საკონსულოები და მოხდება თუ არა ეს ჯო ბაიდენის ოფიციალურად გაპრეზიდენტებამდე. ბაიდენი ამბობს, რომ მას და მის გუნდს აქვთ სტრატეგია, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი