ახალი ამბები

ღამით განათებები აღარ გამოირთვება: კალაძის თქმით, ეს ხალხმა ითხოვა

19 დეკემბერი, 2020 • 1024
ღამით განათებები აღარ გამოირთვება: კალაძის თქმით, ეს ხალხმა ითხოვა

გადაადგილების შეზღუდვის საათებში საახალწლო ილუმინაციები აღარ გამოირთვება. “თბილსერვის ჯგუფის” მიერ 18 დეკემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ დღეს შეცვალა და მიზეზად მოქალაქეების სურვილი დაასახელა.

“მას შემდეგ, რაც გამოვთქვი სურვილი, რომ გამოირთოს შეზღუდვის საათებში საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა ღამის საათებში საახალწლო განათებები”, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში.

მისი თქმით, განათებები მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეზღუდვის საათებში უწევთ გარეთ ყოფნა და მუშაობა, ასევე მათთვის, ვისი ფანჯრებიდანაც მოჩანს ეს განათებები.

“როგორც ვმსჯელობდით, ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში. ესენი არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, პოლიციელები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჟურნალისტები, თბილსერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე -მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი საქმის გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები…

ადამიანები, რომელთა აივნებიდან მოჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარულებული, ულამაზესი თბილისი. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესსა და მძიმე სამუშაოს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი