ახალი ამბები

აკრძალეთ “ლგბტ გარდაქმნის თერაპია” – 370 რელიგიური ლიდერი

19 დეკემბერი, 2020 • 1675
აკრძალეთ “ლგბტ გარდაქმნის თერაპია” – 370 რელიგიური ლიდერი

300-ზე მეტი სასულიერო პირი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ე.წ. ლგბტ გარდაქმნის თერაპიის აკრძალვას ითხოვს. შესაბამის დეკლარაციას მათ მიმდინარე კვირაში მოაწერეს ხელი და დაგმეს ფსევდომეცნიერული პრაქტიკა, რომელიც ირწმუნება, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

370 რელიგიური ლიდერი “თერაპიის” წინააღმდეგ

“მწუხარებით ვაღიარებთ, რომ გარკვეული რელიგიური სწავლებები ხშირად, მთელი საუკუნეების განმავლობაში, იწვევდა და ახლაც იწვევს დიდ ტკივილსა და შეურაცხყოფას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ადამიანებისადმი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს აწერს 370 რელიგიური ლიდერი, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციასაც დაესწრნენ. მათ შორის არიან ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი, ბუდისტი და სიქი სასულიერო პირები.

დეკლარაციის იდეა, თავდაპირველად, ლესბოსელი სასულიერო პირისა და აქტივისტის, ინგლისის ეკლესიის სინოდის წევრის, ჯეინ ოზანეს ორგანიზაციამ გაახმიანა. ოზანემ თავადაც გამოსცადა საკუთარ თავზე ე.წ. გარდაქმნის თერაპია მაშინ, როცა ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ განსხვავებული ორიენტაცია ცოდვას წარმოადგენდა. ამჟამად ის ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად იბრძვის.

რა არის ე.წ. ლგბტ გარდაქმნის თერაპია?

ე.წ. ლგბტ გარდაქმნის თერაპია ფსევდომეცნიერული პრაქტიკაა, რომელიც ირწმუნება, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

“თერაპიის” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა საუბრის სეანსია, თუმცა ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის უილიამსის ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ამ დროს ელექტროშოკსა და სხვა გზებსაც მიმართავენ.

მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარი ჯანდაცვის ასოციაცია, მათ შორის “ამერიკის სამედიცინო ასოციაცია” და “ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია”, აღნიშნულ პრაქტიკას უარყოფს.

წლების მანძილზე, არაერთმა აწ უკვე ყოფილმა “თერაპევტმა” აღიარა, რომ პრაქტიკა ლგბტ ადამიანებისთვის საზიანოა და მას არ აქვს მეცნიერული საფუძვლები. რამდენიმე მათგანი ასევე გამოტყდა, რომ თავად არის გეი.

ოფიციალურად, ე.წ. გარდაქმნის თერაპია 5 ქვეყანაშია სრულად აკრძალული, თუმცა სია ფართოვდება. ბოლოს მათ რიცხვს გერმანია შეუერთდა, კანადა კი აკრძალვისათვის მზადების პროცესშია. 2 წლის წინ შესაბამისი გეგმა დიდმა ბრიტანეთმაც შეიმუშავა.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

“ნეტგაზეთმა” მიმდინარე წელს მოამზადა სტატია შემთხვევაზე, როცა  არასრულწლოვანი გეი ბიჭის “განკურნებას” მშობლები ფსიქიატრის მეშვეობით ცდილობდნენ. ინფორმაცია თავდაპირველად ლგბტ უფლებადამცველმა აქტივისტმა, თამაზ სოზაშვილმა გაავრცელა.

აქტივისტის თანახმად, შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. ფსიქიატრმა არასრულწლოვანს შავ-თეთრი მომავალი დაუხატა ფურცელზე და ამ გზით შეეცადა, დაენახებინა, რა მოხდებოდა, თუ ორიენტაციას არ “შეიცვლიდა”.

რთული სათქმელია, რამდენად შორს მიდის ლგბტ თემის წევრთა “გარდაქმნის” მცდელობები საქართველოში. შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ფსიქიატრით არ შემოიფარგლება და სია მოიცავს ფსიქოლოგს, ენდოკრინოლოგს და სხვებსაც.

სპეციალისტთა თქმით, ფსევდომეცნიერული პრაქტიკის ნებისმიერი ფორმა ადამიანისათვის საზიანოა, ზოგიერთი კი პირდაპირ უტოლდება წამებას. ამიტომაცაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნული “თერაპიის” აკრძალვას მოითხოვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რატომ არის საზიანო ლგბტ პირთა იძულებითი “თერაპია”

მასალების გადაბეჭდვის წესი