ახალი ამბები

შეზღუდვის საათებში თბილისში საახალწლო განათებები გამოირთვება

18 დეკემბერი, 2020 • 1187
შეზღუდვის საათებში თბილისში საახალწლო განათებები გამოირთვება

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან, 18 დეკემბრიდან, შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.

“თბილსერვის ჯგუფის” თქმით, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული და სიძველის გამო არ გააჩნიათ დამოუკიდებლად მართვის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მათ ჩართვა-გამორთვა გარე განათების ჩართვა-გამორთვის დროს მოხდება.

“შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება”, – წერს “თბილსერვის ჯგუფი”.

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება.

მასალების გადაბეჭდვის წესი