თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამას შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე ატვირთული დოკუმენტაცია მოწმობს.

განცხადების განხილვის საბოლოო თარიღი 17 დეკემბერია, მასვე ერთვის თბილისის მერიის ოფიციალური წერილიც, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება ამ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით შეიძენს.

საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონცერტს მოქალაქეები ვერ დაესწრებიან და მას პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახავენ.

„31 დეკემბერს თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება. საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას – სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას“, – ვკითხულობთ შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე.

მერია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.

რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, უწყება განმარტავს:

„სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება, როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.

კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები“.