კორონავირუსის ახალი შტამი აღმოვაჩინეთ – დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენქოქის ინფორმაციით, მკვლევრებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. 

მისი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 60-მა თვითმმართველობამ ახალი შტამით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. ჰენქოქის თქმით, ინგლისის სამხრეთ ნაწილში ინფიცირებულთა სწრაფი ზრდა შესაძლოა სწორედ ახალი შტამით აიხსნას.

„ჩვენ უნდა გადავდგათ სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები. აუცილებელია, რომ შევაჩეროთ ეს მომაკვდინებელი ვირუსი მანამ, სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება“, – ამბობს ჰენქოქი.

ახალ შტამზე საუბრისას მინისტრი ასევე დასძენს, რომ დიდი ალბათობით, Covid 19-ის წინააღმდეგ შემუშავებული ვაქცინა ამ ახალ შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება. 

ჰენქოქი ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე მიეწოდა.


მსოფლიოში კორონავირუსის 72 417 335 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 47,380,338 ადამიანი გამოჯანრმთელდა, 1,615,421 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ 26 თებევრლიდან დღემდე კორონავირუსის 191 063 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 161 681 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 1 839.