ახალი ამბები

ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს – ადვოკატი

13 დეკემბერი, 2020 • 1023
ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს – ადვოკატი

ზუგდიდში “საქართველოს” ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით ძებნილი ბადრი ესებუას ძმის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს.

შსს-ს განცხადებით, ესებუას ძმა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, 12 დეკემბერს დააკავეს.  მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ადვოკატ სოსო ჯანაშიას თქმით, დაკავებულს ეჭვი აქვს, რომ იარაღი პოლიციამ წინასწარ განათავსა ავტომანქანაში, რომლითაც დაკავებისას გადაადგილდებოდა.

“ბუნებრივია, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის ჩადებული. ეს მანქანა ორი დღეა, დგას [ზუგდიდის] იუსტიციის სახლის უკან. საუბარია იმაზე, რომ ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და მისი აზრით, ამ საბრძოლო მასალის ჩადება განხორციელდა სწორედ ამ დროს.

მისი დაკავება მოხდა უბრალოდ იმისთვის, რომ მოხდეს მის ძმაზე ზეწოლა, რომ სავარაუდოდ, ალბათ გამოვიდეს ის. ანუ, ერთგვარად ვაჭრობის საგანია”, – დასძენს ის.

შსს-ს განცხადებით, დაკავებამდე არსებობდა ვარაუდი, რომ ბრალდებულს მიმალვაში მყოფ ძმასთან, ბადრი ესებუასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, რის გამოც “პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი”.

“ღონისძიების მიმდინარეობისას [მან] მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. ეს დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ფოტო: სქრინი “რუსთავი2”-ის სიუჟეტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი