ახალი ამბები

სამინისტრო კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეიძენს და პაციენტებს უფასოდ მისცემს – მინისტრი

10 დეკემბერი, 2020 • 1604
სამინისტრო კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეიძენს და პაციენტებს უფასოდ მისცემს – მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უფასოდ გადასცემს. შედეგად, პაციენტებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ. სამინისტროს ცნობითვე, პროექტი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი არის ერთგვარი სტიმულატორი, მოწყობილობა, რომელსაც გულის სპეციფიკური დაავადებების შემთხვევაში, ოპერაციის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ათავსებენ. აღნიშნული მოწყობილობის მთავარი ფუნქციაა, ამოიცნოს სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია (იგივე გულის აჩქარება), საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ელექტრული შოკი და აღადგინოს ნორმალური გულისცემა და გადაარჩინოს სიცოცხლე. ვრცლად ამ აპარატის შესახებ წაიკითხეთ აქ.

როგორც ჯანდაცვის სამინისრო აცხადებს, პროცედურის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება კონკრეტულ პაციენტზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს, რომლის საფუძველზეც კლინიკას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს გადასცემს.

“ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განსაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები უნდა აკმაყოფილებდეს, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები და განხორციელდა ფასთა კვლევა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვლინდა”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში, 224 კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს შეიძენენ, რაზეც დაახლოებით 2.5 მლნ ლარი დაიხარჯება:

„შევჯერდით საერთაშირისო სტანდარტებზე და გავითვალისწინეთ პაციენტების ინტერესები. ეს კომპანია სამედიცინო ტექნოლოგიებში არის მოწინავე. შესყიდვის საერთო ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარს შეადგენს, საუბარია 224 ერთეულ ერთ, ორ და სამკამერიან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე.

წინა პერიოდში მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში 17 000-დან 19 000 ლარამდე გადახდა უწევდათ. აღნიშნული პროექტით კი მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ჯიბიდან გადასახდელი თანხა. სამედიცინო აპარატები სპეციალური განაცხადის საფუძველზე, კლინიკებს ცენტრალიზებულად მიეწოდებათ. ბენეფიციარებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ, რაც საშუალოდ 3 000-დან 3 500 ლარს შეადგენს. ასევე, დაგეგმილია ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებაც.”

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს მიღებული 520-ე დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კერძო კლინიკები, მათ შორის, კარდიოლოგიური კლინიკები აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ სამედიცინო სერვისებზე განსაზღვრული ტარიფი დაბალი იყო (მათ შორის, დეფიბლირატორისთვის).

მასალების გადაბეჭდვის წესი