ახალი ამბები

ნამახვანისა და ონის კასკადების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

10 დეკემბერი, 2020 • 1371
ნამახვანისა და ონის კასკადების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

“მწვანეებმა” მთავრობის კანცელარიასთან ნამახვანისა და ონის კასკადების მშენებლობის მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მორატორიუმის გამოცხადებას, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას და კასკადების მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვების დანიშვნას.

აღნიშნულ საკითხზე აქციის მოანწილეებმა კანცელარიაში მთავრობის მისამართით წერილიც შეიტანეს.

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებს, ჟონეთსა და ტვიშს შორის, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს.

ნამახვანი ჰესების მშენებლობის აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობაც. მთავრობა კი მოსახლეობის წუხილს გადაჭარბებულს უწოდებს.  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ  “პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით და სახელმწიფო “ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

პროცესს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მისი თქმით, კრიტიკის საგანია გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის გამოკვლევის საფუძვლიანობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას განსახორციელებელი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა. მისი თქმით, პრობლემურად წარიმართა ასევე, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:

“საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა სამწუხაროა, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი, რასაც სახალხო დამცველი უკანასკნელი წლებია აქტიურად ითხოვს. ამასთან, არ შესწავლილა და გაანალიზებულა ერთობლიობაში უკვე გაწეული საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, პროექტების ხარჯ-სარგებლიანობა. ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ინდივიდუალურ პროექტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები სისტემური და განგრძობითია”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

პროტესტი ჟონეთში: ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი