“კოვიდის ეფექტიანი მართვით ევროპულ ქვეყნებს არ ჩამოვუვარდებით” – კლინიკები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ახალი კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძრვანელები აცხადებენ, რომ ორგანიზებულობისა და ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით, საქართველო არ ჩამოუვარდება  წამყვან ევროპულ ქვეყნებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს. უწყების განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან იმსჯელა კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერებასა და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზებაზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერება და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზება იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც პრემიერმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. პრესსამსახურისვე ცნობით, გახარიამ ყურადღება გაამახვილა მთავრობის 2-თვიანი შეზღუდვების გეგმის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების პროგრამაზე, რაც მთავრობის განცხადებით, თავის მხრივ ხელს უწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რათა შენელდეს ვირუსის გავრცელება.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციის მნიშვნელობას, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

“კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრებზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით, და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კლინიკურ-სასტუმროებში, რომლებიც კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მოგვარდა და შეფერხებები არ არის ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების კუთხით. აგრეთვე, ითქვა, რომ ამ ეტაპზე მეტად ეფექტურად იმართება ლოგისტიკური საკითხები, რაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შემდგარი მჭიდრო და აქტიური სამუშაო რეჟიმის, აგრეთვე, იმ შრომის შედეგია, რომელიც ვირუსის მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად განხორციელდა.

კლინიკების ხელმძღვანელების შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველო, ორგანიზებულობისა და ეფექტური მართვის თვალსაზრისით, წამყვან ევროპულ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მობილიზების მაღალ დონეს, რისთვისაც მედიკოსებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა” ,- ვკითხულობთ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება და ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით იმართება ინფიცირების 27 ათასამდე აქტიური შემთხვევა. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვას.