საქართველომ აშშ-სგან ლაზერული ზემოქმედების სისტემა MILES მიიღო

აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

MILES-ის სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოიყენებენ რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის.  კერძოდ, ეს არის ლაზერული იარაღი, რომელიც წვრთნებისას, ნამდვილი იარაღის ნაცვლად, სროლის სიმულაციისთვის გამოიყენება.

$4.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.

მაილსი გამოიყენება წვრთნების დროს უსაფრთხო ლაზერული სხივით ცეცხლის იმიტაციისთვის, მიზანში მოხვედრების დასაფიქსირებლად, მიზნის დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად და სხვა.