გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა აქტივისტებმა ბრიუსელში, გაეროს შენობაზე პოსტერების გაკვრით გააპროტესტეს. ამის შესახებ ინფორმცია არასამთავრობო ორგანიზაციამ DROA Community-მ გაავრცელა.
“გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად ჰომოფობი სოფიო კილაძის არჩევა გვაფიქრებს, ადარდებს თუ არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უმცირესობაში მყოფი ბავშვები ან მათი უფლებები?! კილაძე ცნობილია ლგბტქ საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებებით”, – წერია DROA Community-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, აქტივისტებმა პოსტერები გაერთიენებული ერების ორგანიზაციის ბრიუსელის რეგიონალურ ოფისებზე გამოაკრეს. პოსტერში აქტივისტები გაეროს ეკითხებიან, თუ რატომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ საქართველოში ჰომოფობიის ლეგიტიმაცია.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის არჩევის შესახებ ინფორმაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად 24 ნოემბერს გახდა ცნობილი. ინფორმაცია გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ გაავრცელა.
თავად სოფიო კილაძემ კი გაეროს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიდი გამარჯვება უწოდა.
სოფიო კილაძის წარდგენას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. NGO-ების ნაწილი აცხადებდა, რომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველომ გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეარჩია.
NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ
