ახალი ამბები

მოამზადა თუ არა გვრიტიშვილმა მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წესები და რატომაა ეს პრობლემა

3 დეკემბერი, 2020 • 1112
მოამზადა თუ არა გვრიტიშვილმა მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წესები და რატომაა ეს პრობლემა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა  დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესს. 

ვინ მოამზადა დადგენილების პროექტი?

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტის ავტორი არის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი, ან მის კომპიუტერში მომზადდა, რაც მისი აზრით, პრობლემას წარმოადგენს. 

“ამ დადგენილების პროექტის ავტორი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ეხება, არის დიმიტრი გვრიტიშვილი (ან მის კომპიუტერში მომზადდა). ეს პიროვნება თვითონ არის კანდიდატი და გასაუბრებაზეც თვითონ უნდა გამოვიდეს. გამოდის, რომ თავის თავს და სხვა კანდიდატებს უწერს რეგულაციებს”, – წერს ჯანეზაშვილი ფეისბუკზე.

დადგენილების პროექტის დოკუმენტში, რომელიც იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მართლაც გვხდება გვრიტიშვილის გვარი – კერძოდ, დოკუმენტის ტექნიკურ პარამეტრში დიმიტრი გვრიტიშვილის სახელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოკუმენტი შეიქმნა კომპიუტერში, რომელიც ან დიმიტრი გვრიტიშვილს ეკუთვნის, ან მისი, როგორც მომხმარებლის, მონაცემებია შეყვანილი.

ფოტო: ნეტგაზეთი

როგორ ხსნის ამ ფაქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 

იმის დასადგენად, თუ რატომ აღმოჩნდა დიმიტრი გვრიტიშვილის სახელი და გვარი დოკუმენტის ავტორის გრაფაში, “ნეტგაზეთი” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თავად დიმიტრი გვრიტიშვილსაც დაუკავშირდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, გვრიტიშვილი კი ჩვენს ზარს და შეტყობინებას არ პასუხობს.

რატომ არის პრობლემა, თუ დადგენილების პროექტი გვრიტიშვილმა მოამზადა 

დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრია. ამასთან, ის მონაწილეობს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში. დადგენილების პროექტი კი, რომელზეც ჯანეზაშვილი საუბრობს, სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესს ეხება.  თუ პროექტი გვრიტიშვილმა შეიმუშავა, როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, გამოდის, რომ მან  თავის თავს და სხვა კანდიდატებს დაუწესა რეგულაციები”. 

გაიგეთ მეტი ამ დადგენილების პროექტზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროში შეზღუდვა სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი